ქართული ავიაკომპანიის დირექტორები აცხადებენ, რომ სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურ ინფორმაციას და უსაფრთხოების გარანტიას ელოდებიან
ქართული ავიაკომპანიის დირექტორები აცხადებენ, რომ სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურ ინფორმაციას და უსაფრთხოების გარანტიას ელოდებიან

სუდანში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ორი ქართული ავიაკომპანიის თანამშრომლები არიან.

როგორც ავიაკომპანიების დირექტორები აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერო-ს წარმომადგენლობიდან ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურ დასტურს ელოდებიან და როგორც კი სრული გარანტია ექნებათ, თანამშრომლებს საქართველოში დააბრუნებენ.

მათივე ინფორმაციით, სუდანში მყოფი მათი თანამშრომლები ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან, აქვთ საკვების მარაგი.

როგორც „მაივეი ეარლაინსის“ დირექტორმა, რატი ბაკურაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დასტურის მიღების შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად მოხდება გასაფრენად მომზადება.

„ჯერჯერობით ვერც ჩვენ, ვერც პარტნიორები და ვერც ჩვენი ტექნიკური ჯგუფი აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ვახერხებთ. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, ოთხი დღით გაიხსნას აეროპორტი, თუმცა ეს არ არის დაზუსტებული. ამასთან დაკავშირებით საგარეოსთან, კონსულთან და სუდანში ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ჯერჯერობით ამას არცერთი არ ადასტურებს. ღამემ, შეიძლება, ითქვას, მშვიდობიანად ჩაიარა. შიგადაშიგ კვლავ არის სროლები. ჩვენი 13 თანამშრომელია აეროპორტთან ახლოს, საცხოვრებელში. გუშინ შეივსო მარაგი საკვების და წყლის, ასევე მცირე რაოდენობით საწვავიც მომარაგდა. ველოდებით პოზიტიურ ამბებს, რომ მოვახერხოთ მათი გადმოყვანა საქართველოში. როგორ კი გვეცოდინება, რომ ცა უსაფრთხოა და შესაძლებელია ფრენა, მაქსიმალურად სწრაფად მოხდება თვითმფრინავის შემოწმება, გარე და ტექნიკური დათვალიერება და უკვე მზად ვიქნებით გასაფრენად. ემოციურად რთულია ეს მდგომარეობა, მაგრამ მედგრად დგანან“, – განაცხადა რატი ბაკურაძემ.

„ჯეო სქაის“ დირექტორის, შალვა კიკნაძის თქმით, სუდანში დღეს, დილიდან ცეცხლი შეწყვეტილია, თუმცა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

„ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ასევე გაერო-ს წარმომადგენლობიდან, რომ შესაძლებელია უკვე ჩვენი თანამშრომლების მიყვანა აეროხომალდთან, რათა მოხდეს დათვალიერება და ევაკუაციისთვის მომზადება. ჯერჯერობით არავინ საცხოვრებელი ადგილიდან არ გასულა. ვიდრე არ გვექნება ასპროცენტიანი გარანტია, რომ მხარეები შეთანხმდნენ და ცეცხლი აღარ გაიხსნება, ჩვენ ვერ გავრისკავთ ვერცერთი ჩვენი თანამშრომლის ჯანმრთელობას. საკვები, წყალი, დიზელი და ელექტროენერგია აქვთ. აეროპორტიდან დაახლოებით ათი წუთის სავალზე ცხოვრობენ. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას, რომ შესაძლებელია შენობის დატოვება და აეროპორტში მისვლა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს შალვა კიკნაძემ.

მედიის ცნობით, სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება.

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს. შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 413 ადამიანია მოკლული, 3 550-ზე მეტი კი – დაშავებული.