„როიტერი“ - აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადო ვეტო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს “შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხება
„როიტერი“ - აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადო ვეტო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს “შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხება

აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადო ვეტო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხება, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ცამეტმა წევრმა მხარი დაუჭირა ალჟირის მიერ შემუშავებულ პროექტს, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავა.

როგორც „როიტერი“ წერს, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს აშშ-ის მიერ დადებული მესამე ვეტო იყო.

„რეზოლუციის პროექტის სასარგებლოდ კენჭისყრა არის პალესტინელების სიცოცხლის უფლების მხარდაჭერა. მის წინააღმდეგ ხმის მიცემა კი გულისხმობს მათზე მიყენებული სასტიკი ძალადობისა და კოლექტიური სასჯელის მოწონებას“, – განაცხადა გაერო-ში ალჟირის ელჩმა, ამარ ბენჯამამ.

მანამდე გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ აშშ ვეტოს დაადებს რეზოლუციის პროექტს, რადგან ის საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ეგვიპტეს, ისრაელსა და კატარს შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ომის შეჩერებას და მძევლების გათავისუფლებას.

„ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ეს საბჭო ახლა მიმართავს, უნდა დაეხმაროს და არ უნდა შეაფერხოს ეს მგრძნობიარე მოლაპარაკებები. ჩვენ გვჯერა, რომ არსებული რეზოლუცია, ფაქტობრივად, უარყოფითად იმოქმედებს ამ მოლაპარაკებებზე. დაუყოვნებლივ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა შეთანხმების გარეშე, რომელიც მოითხოვს „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას, არ მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას. სამაგიეროდ, შეიძლება, გაახანგრძლივოს ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის“, – განაცხადა გრინფილდმა.

ალჟირის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელსაც აშშ-მა ვეტო დაადო, არ გულისხმობდა ცეცხლის შეწყვეტას მძევლების გათავისუფლებასთან ერთად.

ამასთან, აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას ითხოვს, ამავე ტექსტში ვაშინგტონი აფრთხილებს ისრაელს, არ დაიწყოს შეტევა ქალაქ რაფაჰის მიმართულებით, სადაც ღაზის მილიონზე მეტი მცხოვრები აფარებს თავს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აშშ თავს იკავებდა რეზოლუციებში ტერმინ „ცეცხლის შეწყვეტის“ გამოყენებისგან. აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე მოლაპარაკებები გაერო-ში ამ კვირაში დაიწყება, თუმცა ჯერ უცნობია, როდის გაიმართება კენჭისყრა.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, რაფაჰზე იერიში 10 მარტს დაიწყება, თუ მანამდე „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ ყველა პირს არ გაათავისუფლებს.