გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა პალესტინელებისთვის „სასიკვდილო განაჩენი“ იყო
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღევანდელი დღე გახდება ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე ახლო აღმოსავლეთისთვის, – ამის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელმა, დიმიტრი პოლიანსკიმ აშშ-ის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის დაბლოკვის შემდეგ განაცხადა.
რუსმა დიპლომატმა აშშ-ს უგულო უწოდა და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემის გადაწყვეტილება პალესტინელებისთვის „სასიკვდილო განაჩენი“ იყო.
„ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა დავტოვოთ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები „გეოპოლიტიკური თამაშის“ წყალობაზე“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.
პარალელურად, რეზოლუციის თანასპონსორმა, ჩინეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება იმედის გაცრუებას და წუხილს იწვევს.
„ბრძოლების გაგრძელების მოწონება და თან ღაზაში მყოფი ხალხის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე, იქ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე ზრუნვის პრეტენზია, წინააღმდეგობრივია“, – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.
ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუცია არ გმობდა „ჰამასს“.