ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა დამკვიდრდა
ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა დამკვიდრდა

დღეიდან ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად გასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი იყო საქართველოსადმი.

„როგორც ლიტვის, ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ 3 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე. ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas. 7 მაისს ლიტვაში საქართველოს საელჩოს ძველი აბრა (GRUZIJOS AMBASADA) ახლით – SAKARTVELO AMBASADA შეცვალეს.