ლიტვაში დღეიდან ოფიციალურად შევიდა ძალაში საქართველოს ავთენტური დასახელება - Sakartvelas 
ლიტვაში დღეიდან ოფიციალურად შევიდა ძალაში საქართველოს ავთენტური დასახელება - Sakartvelas 

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დღეს, 3 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.

ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas.

ამიერიდან, უკვე ოფიციალურად დაიწყება შემდეგი ტერმინოლოგიის გამოყენება. მაგალითად, საქართველოს საელჩო (ამჟამად GruzijosAmbasada)იქნება „საქართველო ამბასადა“ (SakartveloAmbasada), კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში (ამჟამად Sveiki atvykę į Gruziją) – Sveiki atvykę į Sakartvelą, ქართველი (ამჟამად Gruzinas) – Kartvelas, ხოლო ქართული ენა (ამჟამად gruzinų kalba) – kartvelų kalba და ა.შ.

„დარწმუნებული ვართ, რომ ლიტვის მოქალაქეები აიტაცებენ ამ სიახლეს და საქართველოს ლიტველ მეგობართა წრეში უკვე არაფორმალურად დამკვიდრებული საქართველოს ავთენტური სახელწოდება თითოეული ლიტველისთვის კარგად ნაცნობი და ყოველდღიურობაში გამოყენებადი გახდება. აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, თამამად შეგვიძლია ამ დღეს ვუწოდოთ საქართველო-ლიტვის მეგობრობის დღე”, – განაცხადა ლიტვაში საქართველოს ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში განახორციელებს შესაბამის ცვლილებებს, წარწერები შეიცვლება ვილნიუსში საქართველოს საელჩოს შენობაზე, ასევე საპატიო საკონსულოსა და ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში.

„აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან ლიტვაში დარეგისტრირებული ქართული სათვისტომოები და საქართველოზე ორიენტირებული ტურისტული სააგენტოები”, – განაცხადა ელჩმა.

დატოვე კომენტარი