ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული სამაჯურების შემოღებაზე იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა
ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული სამაჯურების შემოღებაზე იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული სამაჯურების შემოღებას უკავშირდება.

კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და პაკეტის თანმდევი პროექტები შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

„ბოლო პერიოდში შემაკავებელი ორდერების გამოცემის სტატისტიკა გაზრდილია. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა უფრო მეტი ქმედითი მექანიზმის არსებობა პოლიციის ხელში, რათა დავიცვათ მსხვერპლი მოძალადის ძალადობისგან. სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, დარღვევის შემთხვევებიდან დიდი ნაწილი მოდის სწორედ მიახლოების აკრძალვის კუთხით. კერძოდ, მოძალადეები უფრო ხშირად არღვევენ შემაკავებელი ორდერით დადგენილ პირობებს, როცა მათ აკრძალული აქვთ მსხვერპლთან მიახლოება, მსხვერპლის საცხოვრებელ, სამუშაო ადგილთან მიახლოება. სწორედ აღნიშნულის კონტროლის მიზნით შემოთავაზებულია ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შსს-ს მისცემს საშუალებას, ეფექტურად გააკონტროლოს მოძალადის მიახლოება მსხვერპლთან. ამისთვის შემუშავებულ იქნა ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი“, – განაცხადა დარახველიძემ.

ალექსანდრე დარახველიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ის აპარატი მიიტანა, რომლითაც მოძალადისა და მსხვერპლის გადაადგილება უნდა გაკონტროლდეს. მისი თქმით, სამაჯური აქტიურად გამოიყენება შინაპატიმრობის დროს და ასევე რამდენჯერმე აღკვეთის ღონისძიების სახითაც იქნა გამოყენებული.

„ეს არის სამაჯური, რომელიც მოძალადის სხეულზე დამაგრდება და მისი გადამცემი აპარატი, რომელიც დაახლოებით ტელეფონის მსგავსია. ეს არის მოძალადის აღჭურვილობაში, ხოლო მეორე აპარატი ექნება მსხვერპლს. შესაბამისად, ჩვენ ონლაინრეჟიმში გვექნება საშუალება, გავაკონტროლოთ მათი მიახლოება, ასევე აკრძალულ ზონებში შესვლის შემთხვევები და მყისიერი რეაგირება მოახდინოს პოლიციამ, როდესაც მოძალადე არღვევს შემაკავებელი ორდერით დაკისრებულ პირობებს“, – განაცხადა შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა.

დარახველიძის განცხადებით, აღნიშნული მეთოდი ყველა მოძალადის შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული, შეფასდება რისკ-ფაქტორები და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდება, ვის მიმართ განხორციელდება ელექტრონული ზედამხედველობა. ელექტრონული ზედამხედველობის მაქსიმალური ვადა, მისი თქმით, არ აღემატება ორდერის მოქმედების ვადას და შეადგენს მაქსიმუმ ერთ თვეს. თუმცა საფრთხის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ვადის გაგრძელება.

„ამ ეტაპზე სამინისტროს აქვს ასი ერთეული მსგავსი აპარატი, რომელიც გაერო-ს ქალთა ფონდის მხარდაჭერით იქნა შეძენილი. თუმცა შესაძლებელია, ერთდროულად 1000-ზე მეტი შემთხვევა აკონტროლოს „112“-მა. გარდა ამისა, თუკი საჭირო იქნება, სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, რომ შეავსოს ეს მარაგები იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ეს კანონპროექტი იქნება მხარდაჭერილი. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, ეს მოქმედებს ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-ში და ამ შემთხვევაში გვექნება საშუალება, ეფექტურად მოხდეს კონტროლი ამ მექანიზმის გამოყენებით“, – განაცხადა დარახველიძემ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეს პროექტი მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება მოძალადეებთან მიმართებაში, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტიანად იყოს გადაწყვეტილება მიღებული, რათა ადამიანმა ვერ შეძლოს მსხვერპლთან მიახლოება და ურთიერთობა.

„პროექტი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ მყისიერად მოახდინონ რეაგირება შესაბამისმა ორგანოებმა, რათა სამწუხაროდ, ეს მავნე და ძალიან მძიმე ქმედებები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით საზოგადოებაში, მაქსიმალურად აღვკვეთოთ და პროპორციულად მკაცრი ღონისძიებები გავატაროთ მოძალადეებთან მიმართებაში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.