ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის სტრატეგიული სამსახური საზოგადოებას მიაწვდის მასალებს და ყველა დარწმუნდება, რომ პოლიციელებს თავს დაესხნენ
ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის სტრატეგიული სამსახური საზოგადოებას მიაწვდის მასალებს და ყველა დარწმუნდება, რომ პოლიციელებს თავს დაესხნენ

შსს-ის სტრატეგიული სამსახური საზოგადოებას მიაწვდის მასალას და ყველა დარწმუნდება, რომ პოლიციელებს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის თქმით, დაშავებულია ექვსი პოლიციელი, რომლებიც მკურნალობას გადიან.

„გავეცანით სახალხო დამცველის განცხადებას, ასევე საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ გაავრცელა მსგავსი განცხადება. სამწუხაროდ, ხდება მთავარი კომპონენტების გამოტოვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის გადაწყვეტილების მიღების დროს. გასული დღის აქციისას, დაახლოებით 21 საათზე, როდესაც სრულდებოდა საპარლამენტო მუშაობა, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მონაწილეებს მოუწოდეს შენობის გამოსასვლელების ბლოკირებისაკენ. მათ განაცხადეს, რომ არ დაუშვებდნენ იქ მყოფი ადამიანების გამოსვლას და მათ მიმართ იქნებოდა შესაბამისი ღონისძიებები გატარებული. ეს პირდაპირ ავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის დარღვევა და კონკრეტულ პირებზე თავდასხმის საფრთხე აღკვეთოს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. სწორედ ეს გააკეთა სამინისტრომ. გარდა ამისა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვნახეთ, როგორ გადაიზარდა და როგორი ძალადობრივი ხასიათი მიიღო აქციამ. ჩვენი სტრატეგიული სამსახური მასალებს მიაწვდის საზოგადოებას და ყველა დარწმუნდება, რომ პოლიციელებს თავს დაესხნენ. ექვსი პოლიციელი არის დაშავებული და გადის მკურნალობას, ეს ადამიანები დაშავდნენ საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის პროცესში“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.