ქალაქებში მეტი ხის დარგვამ შეიძლება ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ქალაქებში მეტი ხის დარგვამ შეიძლება ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

თუ ურბანულ ზონებში უფრო მეტ ხეს დავრგავთ ზაფხულში ტემპერატურის შემცირების მიზნით, შეიძლება ერთი-მესამედით შემცირდეს ცხელი ამინდით და სითბური ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

მოდელირებით დადგინდა, რომ ხეების საფარის 30 პროცენტით გაზრდამ, ზაფხულის თვეებში, ადგილობრივი ტემპერატურა საშუალოდ 0,4 გრადუსით უნდა შეამციროს.

კვლევის მიხედვით, 2015 წელს, ევროპის 93 ქალაქში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული 6700 ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა; ამის ერთი-მესამედის პრევენცია შესაძლებელი იყო.

ამჟამად, გარკვეული სახის ფოთლოვანი მცენარეებით დაფარულია ევროპის ურბანული გარემოს მხოლოდ საშუალოდ 15 პროცენტი.

კვლევის ავტორის, ბარსელონის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის (ISGlobal) მკვლევრის, თამარა იუნგმანის განცხადებით, ეს კვლევა პირველია, რომელმაც ქალაქებში მაღალ ტემპერატურასთან დააკავშირა ნაადრევი სიკვდილის შემთხვევები, რომელთა პრევენციაც შესაძლებელი იქნებოდა ხეების დამატებითი საფარით.

„უკვე ვიცით, რომ ურბანულ გარემოში მაღალი ტემპერატურა უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, მაგალითად, იწვევს კარდიორესპირატორულ უკმარისობას, საავადმყოფოში მოხვედრას, ნაადრევ სიკვდილს“, — წერს იუნგმანი განცხადებაში.

მისი განცხადებით, მათი მიზანია, ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივ პოლიტიკოსებს და გადაწყვეტილებათა მიმღებებს იმ სარგებლის შესახებ, რაც მწვანე ინფრასტრუქტურის სტრატეგიულ ინტეგრაციას აქვს ურბანულ გარემოზე.

ე. წ. ურბანული სიცხის კუნძულის ეფექტის გამო, ქალაქებში უფრო მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე მის გარეუბნებსა და სასოფლო ზონებში.

ამ ჭარბი სიცხის მიზეზი ძირითადად არის მცენარეულობის ნაკლებობა, ჰაერის კონდიცირების სისტემების გამონაბოლქვი, მუქი ფერის ასფალტი და სამშენებლო მასალები, რომლებიც სითბოს შთანთქავს.

კლიმატის ცვლილებამ ეს ეფექტი კიდევ უფრო გააუარესა. შარშან, ევროპაში აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი ზაფხული იყო.

სითბური ტალღები მთელ მსოფლიოში პიკს აღწევს; ბოლო ათწლეულებში გაიზარდა მათი ხანგრძლივობა.

დღეისათვის, ევროპაში სიცივე უფრო მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს, ვიდრე სიცხე. თუმცა, კლიმატური მოდელები პროგნოზირებს, რომ მომდევნო ათწლეულში, სიცხესთან დაკავშირებული დაავადებები და სიკვდილიანობა დიდი დაბრკოლება გახდება ჯანდაცვის სამსახურებისთვის.

მკვლევრებმა შეაფასეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში, 2015 წლის ივნისსა და აგვისტოს შორის, ჯამში 57 მილიონ ადამიანში.

მონაცემების ანალიზი ქალაქის დღიურ საშუალო ტემპერატურასთან მიმართებაში გააანალიზეს, მოდელირების ორ სცენარში.

პირველ სცენარში ქალაქის ტემპერატურა შეადარეს ურბანული სიცხის კუნძულებით და მათ გარეშე. მეორეში მოახდინეს ტემპერატურის შემცირების სიმულირება ისეთი შემთხვევისთვის, თუ ხეების საფარს 30 პროცენტით გავზრდიდით.

2015 წლის ზაფხულში, ტემპერატურა ქალაქებში საშუალოდ 1,5 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო, ვიდრე მათ მიმდებარე სოფლებში. ყველაზე მაღალი სხვაობა, 4,1 გრადუსი დაფიქსირდა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში.

ყველა შესწავლილი ქალაქის მასშტაბით, მთელი მოსახლეობის 75 პროცენტი ცხოვრობდა სულ მცირე ერთი გრადუსით უფრო თბილი ტემპერატურის მქონე ზონებში, 20 პროცენტი კი სულ მცირე ორი გრადუსით მაღალში.

საერთო ჯამში, სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში.

„ეს კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქალაქებში ხეების დარგვა — სწორ მასშტაბზე, სწორ ადგილებში და გარკვეულ სხვა გარემო პირობებში — მრავალ ურბანულ ზონაში სავარაუდოდ იწვევს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მოკრძალებულ, მაგრამ მაინც შემცირებას“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი ლორენს ვენრაიტი.

წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ მწვანე სივრცეებს დამატებითი სარგებელი აქვს ჯანმრთელობაზე, მაგალითად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დემენციას, სუსტ მენტალურ ჯანმრთელობას, აუმჯობესებს შემეცნებით ფუნქციებს ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.