ავტომობილების გამონაბოლქვის სუნთქვა თავის ტვინის მუშაობას სულ რაღაც ორ საათში აფერხებს — #1tvმეცნიერება
ავტომობილების გამონაბოლქვის სუნთქვა თავის ტვინის მუშაობას სულ რაღაც ორ საათში აფერხებს — #1tvმეცნიერება

დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს თავის ტვინზე. კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ვიქტორიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანქანების გამონაბოლქვის შესუნთქვამ სულ რაღაც ორ საათში შეიძლება შეცვალოს თავის ტვინის დაკავშირებადობის უნარი.

შედეგები ეფუძნება 25 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულ რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა ცდას; მანქანის გამონაბოლქვის ზემოქმედების ქვეშ ისინი ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. მეორე ეტაპზე, მონაწილეები სუფთა, გაფილტრული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

თითოეული სცენარის წინ და შემდეგ მათ ტვინის სკანირებები ჩაუტარეს. დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შემდეგ, მონაწილეთა თავის ტვინებში, მუშაობის პასიური რეჟიმის ქსელში (DMN) აღინიშნა დაკავშირებადობის შემცირება; ეს გახლავთ ტვინის რეგიონების ურთიერთდაკავშირებული ნაკრები, რომლებიც ყველაზე აქტიური მაშინ არის, როდესაც შინაგან ფიქრებში ვართ ჩართული, მაგალითად, თვითანალიზში და დამახსოვრებაში.

ასეთი შედეგები ადამიანებში აქამდე დაფიქსირებული არ იყო; მართალია, ახალ კვლევას არ შეუმოწმებია ის ზეგავლენა, რაც გამონაბოლქვს შეიძლება თავის ტვინის ენერგიაზე ჰქონდეს, სხვა კვლევებში ეს შესწავლილია.

მაგალითად, წინა კვლევებში დადგინდა, რომ ტვინის დაკავშირებადობის ცვლილება კავშირშია სამუშაო მეხსიერებისა და სამუშაოს შესრულების შემცირებასთან.

„შემაშფოთებელია იმის ნახვა, რომ მანქანების გამონაბოლქვი ამავე ქსელებს აზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტი კვლევაა საჭირო ამ ცვლილებათა ფუნქციური გავლენების სრულად გასაგებად, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ის არღვევდეს ადამიანის აზროვნების და შრომის უნარზე“, — ამბობს ვიქტორიას უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგი ჯოდი გავრილუკი.

კარგი ამბავი ის არის, რომ კვლევის დროს მონაწილეებში შემჩნეული ეს ცვლილებები დროებითი აღმოჩნდა ნორმას დაუბრუნდა, როგორც კი ფილტვებში სუფთა ჰაერი ჩავიდა.

მიუხედავად ამისა, აღმოჩენა მიუთითებს იმ შესაძლო გზაზე, რომლითაც დაბინძურებული ჰაერის ქრონიკული ზემოქმედება შეიძლება ახდენდეს მავნე გავლენას თავის ტვინზე.

მსოფლიო მოსახლეობის 99 პროცენტი სახიფათო დონეზე დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რისი გავლენაც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, შეიძლება სიღრმისეული იყოს.

ჩინეთში, ახალმა კვლევებმა ჰაერის დაბინძურება დააკავშირა ცუდ შედეგებთან ენისა და მათემატიკის ტესტებში — განათლებაში ჩამორჩენა საშუალოდ ერთ წელიწადს უდრიდა.

„მეცნიერები მრავალი ათწლეულის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ თავის ტვინი შეიძლება დაცული ყოფილიყო ჰაერის დაბინძურების მავნე ეფექტებისგან. ეს კვლევა, რომელიც პირველი ამ სახის კვლევაა, ახალ მტკიცებულებას გვთავაზობს, რომელიც მიუთითებს კავშირზე ჰაერის დაბინძურებასა და შემეცნებას შორის“, — განმარტავს მკვლევარი კრის კარლშტენი.

2020 წელს, ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული მარკერები შენიშნეს მეხიკოს მცხოვრები ახალგაზრდების, ბავშვებისა და ჩვილების თავს ტვინშიც კი. მეხიკო ჰაერის უკიდურესი დაბინძურებით გამორჩეული ქალაქია.

ამავე ქალაქში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ ასევე გამოავლინა ამ ზიანის შესაძლო გამომწვევი: მრავალი ადგილობრივის თავის ტვინში აღმოაჩინეს დაბინძურებული ჰაერის ლითონის ნანონაწილაკები.

2022 წელს მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ჩასუნთქვის შემდეგ, ეს ნაწილაკები ზოგჯერ გადალახავენ თავის ტვინის დამცავ ბარიერს. ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ ტოქსიკური ნაწილაკები ამ ბარიერს მიღმა ვერ გადიოდნენ.

ახალი კვლევა ეფუძნება მხოლოდ მანქანის გამონაბოლქვს ეფუძნება, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ჰაერის დაბინძურების ისეთი ფორმებიც, რომლებიც კიდევ უფრო სწრაფად და უარესი შედეგებით მოქმედებს.

მაგალითად, იქამდე, ვიდრე აშშ-ში ტყვიის შემცველი ბენზინი აიკრძალებოდა, მკვლევრები პროგნოზირებდნენ, რომ ტოქსიკურ გამონაბოლქვს 170 მილიონი ამერიკელი სუნთქავდა, რის შედეგადაც, თითოეულ ადამიანს საშუალოდ სამი ქულით აკლდებოდა IQ-ს მაჩვენებელი.

ბენზინი დღეს შეიძლება ტყვიას აღარ შეიცავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის თქვენი ფილტვების ან თავის ტვინისთვის უსაფრთხოა.

„კარგად უნდა დავფიქრდეთ, ღირს თუ არა საცობში ყოფნისას მანქანის ფანჯრის ჩამოწევა. მნიშვნელოვანია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მანქანის ჰაერის ფილტრი სათანადოდ მუშაობს. თუკი მანქანებით დატვირთულ ქუჩაზე გიწევთ ფეხით მოძრაობა, შეეცადეთ, თავი აარიდოთ და სხვა ქუჩით იაროთ“, — გვაფრთხილებს კარლშტენი.

თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, დაბინძურებული ჰაერისგან თავის არიდება შეუძლებელია.

კვლევა Environmental Health-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ubc.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.