ახალი ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა — #1tvმეცნიერება
ახალი ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა — #1tvმეცნიერება

ჰაერის დაბინძურება დედამიწის ბინადარ ყოველ ადამიანს სიცოცხლეს თითქმის ორი წლით უმოკლებს. ამის შესახებ ახალი მონაცემები მიუთითებს, რომელთა საფუძველზეც ექსპერტები აცხადებენ, რომ ცუდი ხარისხის ჰაერი „ადამიანის ჯანმრთელობის ყველაზე დიდი საფრთხეა“.

ჰაერის ხარისხი-სიცოცხლის ინდექსი (AQLI) ამბობს, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო COVID-19-ის ვაქცინის შექმნისათვის იღწვის, ჰაერის დაბინძურება მთელ მსოფლიოში აგრძელებს მილიარდობით ადამიანისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას და ჯანმრთელობის გაუარესებას.

ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურება (ძირითადად წიაღისეული საწვავის წვით) ამ ინდექსს გადაჰყავს ადამიანის ჯანმრთელობაზე მის გავლენაში.

როგორც ამ ინდექსით დადგინდა, ჩინეთში ნაწილაკოვანი მასალების მნიშვნელოვნად შემცირების მიუხედავად, ჰაერის დაბინძურების ზოგადი დონე გასული ორი ათწლეულის განმავლობაში მაინც სტაბილურია.

ინდოეთსა და ბანგლადეშში ჰაერის დაბინძურება ამ წლებში იმდენად ძლიერია, რომ ზოგიერთ რეგიონში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას თითქმის ათი წლით ამცირებს.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ჰაერის ხარისხი ბევრი ადამიანის ჯანმრთელობისთვის გაცილებით მაღალ რისკს წარმოადგენს, ვიდრე COVID-19.

„კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხე დიდია და ნამდვილად იმსახურებს იმ ყურადღებას, რაც ახლა ექცევა, მაგრამ თუ ჰაერის დაბინძურებასაც ასეთივე სერიოზულობით მივუდგებით, მილიარდობით ადამიანი უფრო დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრებს“, — ამბობს AQLI ინდექსის შემქმნელი მაიკლ გრინსტონი.

გლობალური მოსახლეობის თითქმის მეოთხედი სამხრეთ აზიის ოთხ ქვეყანაში ცხოვრობს და ამ ქვეყნებში ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული — ინდოეთში, ბანგლადეშში, პაკისტანსა და ნეპალში.

როგორც AQLI-მ დაადგინა, ამ ქვეყნებში მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ ხუთი წლით უნდა იყოს შემცირებული, რადგან ჰაერის დაბინძურების დონე იქ ახლა 44 პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე 20 წლის წინ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა, ევროპამ და იაპონიამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, AQLI ინდექსის მიხედვით, დაბინძურება მსოფლიოში მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ ორი წლით მაინც ამცირებს.

რამდენიმე კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება COVID-19-ის მთავარი რისკფაქტორია; პროექტის ავტორი, მაიკლ გრინსტონი მსოფლიო მთავრობებს ურჩევს, რომ პანდემიის შემდეგ, მთავარ პრიორიტეტად ჰაერის ხარისხი დაისახონ.

„მკლავში აცრა ჰაერის დაბინძურებას ვერ შეამცირებს. გამოსავალი არის ძლიერი საჯარო პოლიტიკა“, — ამბობს გრინსტონი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი