არასაკმარისი წყლის სმა ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
არასაკმარისი წყლის სმა ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

გამუდმებით გვეუბნებიან, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ბევრი წყალი უნდა დავლიოთ. ახალი კვლევა კიდევ რამდენიმე მიზეზს გვთავაზობს, თუ რატომ უნდა ვიყოთ წყლით კარგად გაჯერებულები — მათ შორის არის უფრო ნაკლები ქრონიკული დაავადება და დიდხანს სიცოცხლის მეტი შანსი.

ეფუძნება 11 255 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულ კვლევას; მათ 25 წლის განმავლობაში ხუთჯერ გამოკითხეს ისეთი ფაქტორების შესახებ, როგორებიც არის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და ოჯახის სამედიცინო ისტორია.

მოხალისეებზე ჩატარებული კლინიკური ტესტირებისას მათი სისხლის შრატში გაზომეს ნატრიუმი, რომელიც სითხის მიღების ინდიკატორად გამოიყენეს. როგორც წესი, რაც უფრო მეტ წყალს ვსვამთ, მით უფრო ნაკლები ნატრიუმია ჩვენს სისხლში.

„შედეგები მიუთითებს, რომ სათანადო ჰიდრაცია (დატენიანება) შეიძლება ანელებდეს დაბერებას და ახანგრძლივებდეს დაავადებებისგან თავისუფალ ცხოვრებას“, — ამბობს მერილენდის გულ-ფილტვისა და სისხლის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი ნატალია დმიტრიევა.

წინა კვლევამ წარმოაჩინა კავშირი სისხლში ნატრიუმის მაღალ დონესა და გულის უკმარისობის რისკის ზრდას შორის. ადამიანის სისხლში ნატრიუმის ნორმალურ დონე მერყეობს ლიტრზე 125-146 მილიეკვივალენტს შორის. კვლევაში, ნატრიუმის მაღალი დონის მქონე შრატის ნიმუშები ასევე შეიცავდა ბიოლოგიური ჯანმრთელობისა და დაბერების 15 სხვადასხვა მარკერის გაზრდილ დონეს.

მაგალითად, მათ, ვისაც ნატრიუმის დონე ლიტრზე 142 მილიეკვივალენტზე მაღალი ჰქონდათ, 15-15 პროცენტით მეტი ჰქონდათ შანსი, რომ ბიოლოგიურად უფრო ხანდაზმულები ყოფილიყვნენ, ვიდრე მათი ქრონოლოგიური ასაკი — ვიდრე მათ, ვისაც ნატრიუმის დონე უფრო ნორმის ფარგლებში ჰქონდათ. ამას გარდა, 64 პროცენტით მაღალი იყო ქრონიკული დაავადებების განვითარების შანსი, მათ შორის, გულის უკმარისობის, ინსულტის, წინაგულების ფიბრილაციის, ფილტვების ქრონიკული დაავადების, დიაბეტის და დემენციის.

კვლევის ავტორთა ვარაუდით, სისხლში ნატრიუმის დონის გაზომვა კარგი რჩევა უნდა იყოს ექიმების მხრიდან. ადამიანებს, რომლებსაც მისი მაღალი მაჩვენებელი გამოუვლინდებათ, უნდა იზრუნონ, რომ უფრო მეტი წყალი მიიღონ, არა მხოლოდ სმით, არამედ თუნდაც წვენების, ბოსტნეულისა და ხილის სახით.

„მიზანი არის დარწმუნება იმაში, რომ პაციენტები საკმარის სითხეებს იღებენ, ასევე, შეფასდეს სხვადასხვა ფაქტორი, მაგალითად, მკურნალობა, რაც შეიძლება სითხის დაკარგვას იწვევდეს“, — ამბობს უფროსი მკვლევარი მენფრედ ბოემი.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მათი მეთოდი ვერ ამტკიცებს, რომ მოხალისეთა ჰიდრაცია ძირითადი პასუხისმგებელია მათი კარგი ჯანმრთელობის შანსების ზრდაზე. ამისათვის უფრო მისაღებია რადნომიზებული, კონტრილირებული ცდები, თუმცა უკვე ჩანს კავშირი, რომლის შემდგომი კვლევაც ნამდვილად ღირს.

სითხის მიღება ერთადერთი ფაქტორი არ არის, რომელიც სისხლში ნატრიუმის დონეზე ახდენს გავლენას. თუმცა, მკვლევრებმა გააკონტროლეს ისეთი ცვლადები, როგორებიცაა ასაკი, რასა და ბიოლოგიური სქესი. ამავე დროს, კვლევიდან გამორიცხეს დიაბეტის მქონე მონაწილეები და მწეველები, რადგან ამ ფაქტორებს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ნატრიუმის დონეზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა უფრო კონცენტრირებული იყო ჯანმრთელობაზე დეჰიდრატაციის რისკებზე და არა იმ დამატებით დადებით ეფექტებზე, რაც კარგად დატენიანებას ახლავს თან; თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ორი გარკვეული დოზით ერთმანეთთან კავშირშია.

ამ დროისათვის, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი წყლის რეკომენდებულ დღიურ ნორმას არ იღებს (რაც დღეში დაახლოებით 1,5 ლიტრია).

კვლევა eBioMedicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nhlbi.nih.gov-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.