დღეში ერთი გრამით ნაკლები მარილის მოხმარებამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს გულის შეტევის მილიონობით შემთხვევა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ცნობილია, რომ ზედმეტი მარილის ჭარბი მოხმარება სისხლის წნევას ზრდის, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გამოიწვიოს. ახალმა კვლევამ ეს ურთიერთკავშირი ახლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკმაოდ მკაფიო გზავნილად ჩამოაყალიბა.
ჩინეთში, ზრდასრულ ადამიანთა ჯანმრთელობის მონაცემების შესწავლისას, კვლევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მარილის დღიური ნორმის სულ რაღაც ერთი გრამით შემცირება საკმარისია, რათა დღეიდან 2030 წლამდე თავიდან ავიცილო ინსულტისა და გულის შეტევის 9 მილიონი შემთხვევა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ შემთხვევებიდან ოთხი მილიონი შეიძლება ფატალური იყოს, ასეთი მარტივი ზომის მიღებამ შეიძლება ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაარჩინოს.
ჩინეთში მარილის საშუალო დღიური მოხმარება 11 გრამია, გაცილებით მეტი, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ნორმა — 5 გრამით დღეში. მკვლევრებმა შეაგროვეს უახლესი სტატისტიკა მოსახლეობის რაოდენობის, მარილის მოხმარების, სისხლის წნევისა და დაავადებათა მაჩვენებლების შესახებ.
„მარილის მოხმარების დოზის შემცირების ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ჩინეთში ჩატარებული წინა შეფასებები იყენებდა მოძველებულ და არასაიმედო მონაცემთა წყაროებს, მხედველობაში არ იღებდა მარილის შემცირების უფრო ხანგრძლივ ეფექტს სისხლის წნევაზე, ანუ რამდენიმე წლიან ეფექტს“, — წერენ მკვლევრები.
ერთი გრამით შემცირების გარდა, ჯგუფმა ორი სხვა სცენარიც განიხილა: დღიური ნორმის 3,2 გრამით შემცირება 2025 წლისთვის (საშუალოზე 30 პროცენტით შემცირება) და რეკომენდებული დღიური 5 გრამის მიღება 2030 წლისთვის.
ამ მიზნების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელია აღიკვეთოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ორჯერ უფრო მეტი შემთხვევა, რისი მიზეზიც იქნება სისხლის სისტოლური წნევის შემცირება.
თუმცა, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ შემცირება უნდა იყოს თანმიმდევრული რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩინეთის სკოლების საგანმანათლებლო პროგრამები მიუთითებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მარილის მოხმარების დღეში ერთი გრამით შემცირება არ უნდა გაუჭირდეს.
„სხვა ცდებში, რომლებიც ახლახან დასრულდა ან ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ეხება ნატრიუმის მარილის დაბალი და კალიუმის მარილის მაღალი შემცველობის ნივთიერებებს, სახლში საკვების მომზადების შესახებ ჯანდაცვის განათლებას და რესტორნებში ინტერვენციას — საკმაოდ იმედისმომცემი შედეგები დაიდო“, — წერენ მკვლევრები.
ჩინეთში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის სიკვდილის შემთხვევათა 40 პროცენტამდე, ამას ემატება ურბანიზაცია და დამუშავებული და ქუჩის საკვების მოხმარების ზრდა, რომლებიც ასევე დიდი ფაქტორებია.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ავტორებმა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევათა პოტენციური შემცირება შეისწავლეს, იქვე ამბობენ, რომ მარილის მოხმარების შემცირებას სხვა მრავალი სარგებელიც უნდა ჰქონდეს. მაგალითად, მარილის ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია გარკვეული ტიპის კიბოებთან და თირკმლების სხვადასხვა პრობლემებთან.
ჩინეთის ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია „ჯანმრთელი ჩინეთი 2030“, რომლის მიზანიც არის მარილის მოხმარების დღიური ნორმის 5 გრამამდე შემცირება. 1,4-მილიარდიან მოსახლეობაში ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ კვლევაში მიღებული რიცხვები შთამბეჭდავია.
კვლევა BMJ Nutrition, Prevention & Health-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.