პროკურორის მოადგილე აცხადებს, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის საქმეში ახალი მტკიცებულებებია, – ამის შესახებ მცხეთის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის მოადგილემ, არჩილ ბედუკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე კობაურის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
„დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. არანაირი ახალი გარემოება არ არსებობდა, რომ ეს შეცვლილიყო. საფრთხეები, რაც სასამართლომ მიიჩნია, ისევ ძალაშია, პირიქით, საფრთხეები მომატებულია კიდეც, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები“, – განაცხადა პროკურორის მოადგილემ.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესი საქმეში არსებული სქესობრივი დანაშაულის ნიშნებისა და არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტორის გამო, დახურულ რეჟიმში წარიმართა.
19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.