სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი - ნაფიცმა მსაჯულებმა ვერსიის დონეზე არსებული მტკიცებულებები გაიზიარეს
სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი - ნაფიცმა მსაჯულებმა ვერსიის დონეზე არსებული მტკიცებულებები გაიზიარეს

დაცვის მხარისთვის ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ ხადას ხეობაში​ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ​ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსაჯულებმა ვერდიქტის გამოტანისას ვერსიის დონეზე არსებული მტკიცებულებები გაიზიარეს.

„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება არ არის მომწიფებული, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი იყოს უფრო აქტიური, დინამიური და კრიტიკული. მხოლოდ ვერსიის დონეზე იყო ბრალდება და მხოლოდ ვერსიის დონეზე არსებული მტკიცებულებები გაიზიარეს ნაფიცმა მსაჯულებმა“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

​მისი თქმით, პროცესუალურად არსებობს საფუძველი, რომ დაცვის მხარემ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. ადვოკატის განმარტებით, საქმის განხილვისას არსებობდა პროცესუალური დარღვევები, რომლებიც შესაძლოა, გასაჩივრდეს.

„სასჯელთან მიმართებით ჩანიშნულ სხდომას რაც შეეხება, ვფიქრობ, აქაც არ იქნება სასამართლო ჰუმანური“, – აღნიშნა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დღეს მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.