სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა [ვიდეო]

გორის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მალხაზ კობაურის სასჯელის ზომა მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მალხაზ კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მხარს უჭერდა ბრალდების მხარე. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი სამართლიანი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთაა.

მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ არ უნდოდათ, სასჯელის შესახებ გორის სასამართლოს ემსჯელა. მათი მოთხოვნა იყო, სასჯელი ნაფიც მსაჯულებს გამოეტანათ, რაც არ გაითვალისწინეს.

25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

დატოვე კომენტარი