სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური პატიმრობაში რჩება. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე იქნა მიღებული.

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა მალხაზ კობაურის ადვოკატების მოთხოვნა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, მისი თქმით, არსებული რისკები არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. საქმეში არსებული სქესობრივი დანაშაულის ნიშნებისა და არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტორის გამო, მოსამართლემ პროცესი დახურა.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.