სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორი - მალხაზ კობაურისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორი - მალხაზ კობაურისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის პროკურორის, ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს დაუჭერს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ აბსოლუტურად ყველა წარდგენილ ბრალდებაში მალხაზ კობაური ცნობილი იქნა დამნაშავედ და ხაზგასასმელია, რომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება გამოიტანეს ერთხმად. აქვე მინდა, განვმარტო, რომ ბუნებრივია, ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. ბრალდების მხარე იმ დღიდან, როდესაც პასუხისგებაში მიეცა მალხაზ კობაური, აღნიშნავდა, რომ საქმეზე მოპოვებული იქნა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებდა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მალხაზ კობაურმა“, – განაცხადა ზაზა დათუკიშვილმა.

ამასთან, პროკურორის განმარტებით, ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თითოეულ წევრს, ამ შემადგენლობას, ვინაიდან მართლაც ღირსეულად შეძლეს და შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა და საამაყოა, რომ ჩვენ გვყავს საზოგადოების ასეთი ღირსეული წევრები. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ სხდომაზე დაცვის მხარემ შესთავაზა ნაფიც მსაჯულებს ალტერნატიული ვერდიქტი, რომელიც გულისხმობდა, რომ კობაური გამართლებულიყო ჩვენ მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და გამტყუნებულიყო დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რადგან დაცვის მხარე ავითარებდა ვერსიას, რომ თითქოს ის მხოლოდ შეესწრო ამ დანაშაულს, ხოლო მკვლელობა მას არ ჩაუდენია. ბუნებრივია, დაცვის მხარის მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა გამამართლებელი ვერდიქტი, ხოლო ამის შემდეგ მათ ერთხმად ცნეს დამნაშავედ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში“, – აღნიშნა პროკურორმა.

ზაზა დათუკიშვილის თქმით, სასამართლო სასჯელს ოთხშაბათს გამოაცხადებს.

„რაც შეეხება სასჯელის ნაწილს, 27 მარტს, 12:00 საათზე ჩანიშნულია სასჯელის დანიშვნის სხდომა, სადაც მოსამართლე გამოაცხადებს სასჯელს. ვინაიდან ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი, ამ დანაშაულის მოტივი არის შეუწყნარებელი და გაუგონარი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი სამართლიანი სასჯელი იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ჩვენ მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას“, – განაცხადა პროკურორმა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ ცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.

მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დატოვე კომენტარი