პროკურორი - საკმაოდ ბევრი მოწმეა, რომლებიც ადასტურებენ წვევამდელების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ისინი სასამართლოში დაიკითხებიან
პროკურორი - საკმაოდ ბევრი მოწმეა, რომლებიც ადასტურებენ წვევამდელების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ისინი სასამართლოში დაიკითხებიან

სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე დაკავებულების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ბიჩინაშვილის საქმის პროკურორი, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, საქმეზე არსებობს არაერთი მტკიცებულება და მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ წვევამდელების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.

მისი თქმით, რამდენიმე სამხედრო წვევამდელს ბრალდებული პირები აიძულებდნენ, უკანონო ბრძანების საფუძველზე, ათეულობით საათის განმავლობაში, მძიმე ჯავშან ეკიპირებით საპირფარეშოების დალაგებას.

„დღევანდელ სხდომაზე ბრალდებამ თქვა შესავალი სიტყვა. ჩვენ მიერ ჩამოთვლილ იქნა ყველა მტკიცებულება და ყველა მოწმე, ვინც უნდა დავკითხოთ. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ჩვენი მტკიცებულებები დაადასტურებენ მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ქმედებების წარდგენას. ბრალდებული, როგორც მოგეხსენებათ, ორი პირია. ერთი არ აღიარებს, მეორე არ ეთანხმება, რომ ეს სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა და თვლის, რომ დისციპლინური გადაცდომაა. ორივეს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და არაადამიანური მოპყრობის ჩადენა, რაც გულისხმობს, რომ პირებს იძულებით უნდა შეესრულებინათ გარკვეული ქმედებები. საკმაოდ ბევრი მოწმეა ამ ყველაფრის შემსწრე და ბუნებრივია, ისინი სასამართლოში დაიკითხებიან“, – განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტები დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე, რა დროსაც სამხედროებს მძიმე ეკიპირებით უწევდათ, ბრძანების საფუძველზე, დაჩოქილებს 10-11 საათი ეხეხათ საპირფარეშოები, იატაკი. ამას კი აკეთებდნენ იძულებით. დაზარალებულად ცნობილია ოთხი სამხედრო წვევამდელი.