პენიტენციური სამსახური წვევამდელებს კონტრაქტორებით ჩაანაცვლებს
პენიტენციური სამსახური წვევამდელებს კონტრაქტორებით ჩაანაცვლებს

ძალიან რთული თემაა საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა და ალბათ იმიტომ, რომ კომპლექსური საკითხი იყო, მისი გადაჭრა ვერ მოხერხდა ვერც წინა და ვერც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე წვევამდელების სისტემის რეფორმირების შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს.

„ახლა ჩვენ მხოლოდ ნება და მზაობა გამოვხატეთ, რადგან ეს არც ერთ საათში და არც ერთ წელიწადში გადასაწყვეტი საკითხია; ვფიქრობთ, ეტაპობრივად განვახორციელოთ და წელს უკვე დავიწყოთ ეს პროცესი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, წელს რამდენიმე მცირე დაწესებულება შეირჩევა საპილოტედ, სადაც წვევამდელთა ინსტიტუტი გაუქმდება და საკონტრაქტო სამსახურს შემოიღებენ.

„სურვილი გვაქვს, თუ საკონტრაქტო სამსახური იქნება, გვეთქმოდეს სიტყვა, ვის ავიყვანთ უკვე ანაზღაურებად სამსახურში, წვევამდელებს, არაწვევამდელებს თუ სხვას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით წვევამდელების დეფიციტი საკმაოდ დიდია.

„რეალურად ჩვენ წლიურად 1 737 ახალწვეული გვჭირდება და გვაქვს 40 პროცენტიანი დაკომპლექტება – დანარჩენი ვერ გავიწვიეთ, რადგან ჩვენს სტრუქტურაში სამსახური ახალწვეულებს არ უხარიათ გასაგები მიზეზების გამო. ურჩევნიათ, სხვა ძალოვან სტრუქტურაში მოიხადონ სავალდებულო სამსახური. ეს არის ჩემი გამოწვევა და ვფიქრობ, გავასწოროთ ერთად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ხუთი წლის მანძილზე 60 მილიონიანი ინვესტიციაა საჭირო, აქედან ხარჯის 1/3  უკვე გაწეულია და ამჟამად ხარჯვის პროცესშია.