უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, შესაძლოა, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებაროს
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, შესაძლოა, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებაროს

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი შესაძლოა, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებაროს. აღნიშნულ ცვლილებას „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს საკუთარი სურვილით შეეძლება, შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა – 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სტუდენტს, რომელსაც 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ ექნება აკადემიური ხარისხი, მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, ხოლო სამხედრო სამსახურის სხვა ფორმების გავლის შემთხვევაში – რიგითის სამხედრო წოდება.

„აღნიშნული სისტემის ამოქმედება საშუალებას მოგვცემს: მოკლე დროში მეტი ადამიანი გადავამზადოთ სამხედრო პროფესიებში; საზოგადოებაში გაიზარდოს დადებითი დამოკიდებულება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისადმი, ვინაიდან პირი დიდი ხნით აღარ მოსწყდება ოჯახსა და თავის ძირითად საქმიანობას; ჯარში ყოფნის პერიოდი რეალურად იქნება მორგებული სამსახურის იდეას, რომელიც აუცილებელია სამხედრო უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის; შემცირდეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მსურველთა რაოდენობა“, – განმარტავს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, სტუდენტებს, ასევე საშუალება ეძლევათ, გაიარონ რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა.

„კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტმა, ასევე პირმა, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ნებაყოფლობით, შესაძლოა, გაიაროს მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა. ამასთან, პირს მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, თუ პროგრამის წარმატებით დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროგრამის დასრულებიდან ხუთი წლის ვადაში წარმოადგინა ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის დასრულების დღისთვის არ აქვს მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მიენიჭება უმცროსი/უფროსი/მთავარი სერჟანტის წოდება“, – ნათქვამია კანონპროექტში.

ცვლილებებით იგეგმება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობის გადახედვა და 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის) განისაზღვრა 10 000 ლარით, ერთი წლის მანძილზე გადავადებისთვის.

„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის უფლების გამოყენება პირს ექნება მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, პირი, გამოძახების შემთხვევაში, მომდევნო წელს დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავება განხორციელდება: მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის, აგრეთვე სტატისტიკის წარმოების მიზნით, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

პროექტით ასევე განისაზღვრა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო პირის პრივილეგიები, წვევამდელის უფლება-მოვალეობები, მათ შორის გაწვევისაგან გათავისუფლებისა და გადავადების, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები.

აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ შესაძლებლობა, დაეხმარონ ცალკეულ პირებს, თავი აარიდონ გაწვევას“, – აღნიშნულია პროექტში.