პროკურორი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი მოწმე დაიკითხება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი მოწმის დაკითხვა იგეგმება. მათ შორის სამი წვეულებაზე მყოფი ახალგაზრდაა, ერთი გამომძიებელი, ხოლო ერთი პირი, პროკურორის თქმით, „მერსედესისა“ და „ქამრის“ ავტომობილებთან დაკავშირებით ოპერატიულ ინფორმაციას ფლობდა.
ამასთან, დღევანდელ სხდომამდე პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა დაცვის მხარის ბრალდებებსაც უპასუხა, თითქოს მტკიცებულებები არასაკმარისია.
„გამიკვირდებოდა, ადვოკატებს საწინააღმდეგო რომ ეთქვათ. რა თქმა უნდა, იტყოდნენ, რომ მტკიცებულებები არ არის. ეს არასწორია. შესავალი სიტყვაში ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში. ვისაუბრეთ, როგორ დაიწყო თავდასხმა, როგორ გარბის გიორგი შაქარაშვილი, ჩანაწერებზეც ჩანს და მოწმეებიც არიან ადგილზე. მადლობა ღმერთს, იყვნენ იქ, დაინახეს და ასევე გაიგეს ხმები. დაინახეს, როგორ მისდევდნენ შაქარაშვილს და შემდეგ გაიგეს ხმები. უკან დაბრუნებულებმა წამოიყვანეს ამირხანაშვილი, ასევე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ მას დაზიანებები ჰქონდა. ხუთმა ბრალდებულმა, რომლებსაც ბრალი აქვთ მკვლელობაზე წაყენებული, მათ ჩააგდეს წყალში, ეს არ არის ვარაუდი. ვიდეო ასახავს, რომ მისდევენ იმ ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა. სამწუხაროდ, არ არის ვიდეოჩანაწერებზე ასახული მკვლელობის ადგილზე რაც ხდებოდა, თუმცა მტკიცებულებებია იმ პირების ჩვენებები, რომლებიც უახლოეს ტერიტორიაზე იყვნენ – ახვლედიანი და ამირხანაშვილი. ახვლედიანმა დაადასტურა ეს ინფორმაცია. დღევანდელ პროცესზე დაიკითხება რამდენიმე მოწმე, მათ შორის წვეულებაზე მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომელი და კიდევ ერთი პირი, რომელიც „მერსედესისა“ და „ქამრის“ მანქანას უკან მიჰყვებოდა“, – განაცხადა პროკურორმა.
სხდომის დაწყებამდე დღეს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია, რასაც კატეგორიულად უარყოფს მთავარი საგამოძიებო უწყება.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.