პროკურორი - ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე ყველა დაკავებულისთვის ერთადერთი უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა, რადგან არსებობს მათი მიმალვის საფრთხე
პროკურორი - ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე ყველა დაკავებულისთვის ერთადერთი უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა, რადგან არსებობს მათი მიმალვის საფრთხე

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე დაკავებულებისთვის პროკურორი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, ყველა დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ დაკავებული პირების კანონიერ ქურდ „გლეხოვიჩთან“ ახლო შემხებლობას საქმეში არაერთი მტკიცებულება ადასტურებს.

მისი თქმით, პატიმრობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ამ პირებს ძალიან ბევრჯერ აქვთ გადაკვეთილი საზღვარი და არსებობს მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე.

„არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია, რათა დამტკიცდეს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული. დღეს ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. ეს არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. ისინი შესაძლოა, მიემალონ გამოძიებას და ამას ამყარებს ის ფაქტიც, რომ თითოეულს არაერთხელ აქვს საზღვარი გადაკვეთილი. თვალნათლივ ჩანს, რომ მათ კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ პირთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა. თითქმის ყველა მათგანი წარსულში სანამართლევია“, – განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.