პროკურატურის მუშაკს შეკრების, მანიფესტაციის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ეკრძალება
პროკურატურის მუშაკს შეკრების, მანიფესტაციის ორგანიზება, ჩატარება ან მასში მონაწილეობა ეკრძალება. შესაბამისი ცვლილებები – „პროკურატურის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის სახით წარედგინა.
საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზეზად ახალი საკონსტიტუციო რეგულაციები სახელდება. „პროკურატურის შესახებ“ კანონი პროკურატურის მუშაკისთვის შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობაზე აკრძალვას არ ითვალისწინებს. ამდენად, კანონპროექტის მიღების მიზეზს ის წარმოადგენს, რომ კანონით კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული აკრძალვა დადგინდეს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი რედაქციით არსებულ აკრძალვას, ახალი კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ ყველას, იმ პირების გარდა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება აქვს.