პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებს სწავლობს
პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებს სწავლობს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებების საკითხს მთავარი პროკურატურა სწავლობს, – ამის შესახებ პირველ არხს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

„საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს აღნიშნულ საკითხს, რის შედეგადაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახმა მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. გიორგი სანაიას ძმის, ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ყოფილი პანკისური დაჯგუფების წევრი კოტე ციხისთავი სატელევიზიო ეთერისას ასახელებდა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს და კონკრეტულ პირებს, რომელთაც მკვლელობის საქმეზე აქვთ შემხებლობა. სანაიას განცხადებით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს და დაკითხოს მსჯავრდებული კოტე ციხისთავი.

მისივე განცხადებით, ისინი მომავალ კვირას ოფიციალურად მიმართავენ უწყებას.