პროგნოზის მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაიზრდება
პროგნოზის მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაიზრდება

საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

ორწლიანი გეგმა მოსახლეობის დაბერების პროცესების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის სრულყოფასაც ითვალისწინებს. დოკუმენტი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს, მათ შორის, საპენსიო რეფორმის შემუშავება, ხანდაზმულთა დასაქმების შესაძლებლობების შეფასება შრომის ბაზრის კვლევების საფუძველზე, ასევე ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული სათემო სერვისების განვითარება (24-საათიანი) და შესაბამისი სტანდარტების შემუშავება.

მთავრობის დადგენილების შესავალ ნაწილში გეგმის შემუშავების მიზეზებია აღწერილი.

„მოსახლეობის დაბერება საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის წილი, რომლის ასაკი 65 და ზემოთაა, 2030 წლისთვის 14%-დან (2015 წელი) 21%-მდე გაიზრდება.

პროგნოზების მიხედვით, საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი იყო, მამაკაცებისთვის კი − 71 წელი, 2030 წლისთვის ქალებისთვის 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცებისთვის − 73 წლამდე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

„საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ მონიტორინგი და შეფასების განხორციელება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალება.