ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოსახლეობამ რეალურად ნახა, რას ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესი, გვინდა, ხშირად უსმინონ ამას ჩვენმა ოპონენტებმა
ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოსახლეობამ რეალურად ნახა, რას ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესი, გვინდა, ხშირად უსმინონ ამას ჩვენმა ოპონენტებმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც აახლოებს ქვეყანას ევროპულ ოჯახთან.

„არაერთხელ გვითქვამს და არ დავიღლებით გამეორებით, გვინდა, ხშირად უსმინონ ამას ჩვენმა ოპონენტებმა, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველომ, საქართველოს მოსახლეობამ რეალურად ნახა, რას ნიშნავს ფიზიკურად ევროინტეგრაციის პროცესი და ეს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი კონსტიტუციურ ნორმადაც ვაქციეთ. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება მთლიანად ფოკუსირებულია, რომ საქართველოს ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია და ხელისუფლება აგრძელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლას.

„ჩვენი ოპონენტების ახალი ნარატივია, ცდილობენ, ჩვენი მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. საუბრობენ, თითქოს დღეს, ხვალ მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვეჩქარება ევროპული ინტეგრაცია, საქართველოს საბოლოო გაცხადებული მიზანი არის სრულფასოვანი წევრობა, თუმცა ეს დამოკიდებულია ბევრ მოცემულობაზე. ესაა ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის, ხალხის დაკვეთით რეფორმების განხორციელება, რაც ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ეს არის გრძელვადიანი პროცესი. მეორე მხრივ, ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან, რათა მოცემულობა მომწიფდეს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული. მოსახლეობას შეგვიძლია, ვუთხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება, თითოეული დიპლომატი არ დაიშურებს ძალ-ღონეს, რათა ეს დინამიკა შენარჩუნდეს და საქართველომ თანმიმდევრულად გააგრძელოს სვლა საბოლოო წევრობამდე“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის შეუქცევადი რეფორმების ხაზზე გადის.

„არაერთხელ დავამტკიცეთ და ყოველთვის ვამბობთ, რომ არანაირი საშინაო დავალების შესრულების არ გვეშინია. ეს ჩვენ დავამტკიცეთ ბოლო წლების განმავლობაში. იცით, რომ სულ ახლახან, გუშინ გამოვაქვეყნეთ 9-პუნქტიანი გეგმა, სამოქმედო გეგმა. მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მიიღო დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის, ამას თან მოჰყვა რეკომენდაციები და ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა. კიდევ ერთხელ მოვისმინე ჩვენი ოპონენტების არაერთი მავნებლური და დამაზიანებელი შეფასებები, თითქოს ეს დოკუმენტი არაფერს ნიშნავს. ამ დოკუმენტში შეიძლება, ყველაფერი ვერ ჩავწეროთ, თუმცა ეს არის ე.წ. გაიდლაინი, რომლითაც ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო მუშაობას, კოორდინაციას პარტნიორებთან, რათა რეფორმების დღის წესრიგი იყოს შეუქცევადი, თანმიმდევრული. არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ საქართველოს ევროინტეგრაციას ვუყურებთ და არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ მხოლოდ საქართველომ მიიღოს სარგებელი, რაც მოაქვს ევროინტეგრაციას, არამედ გვინდა, თავად ვიყოთ მიმზიდველი ევროპული ოჯახისთვის, ევროკავშირისთვის. შესაბამისად, ეს რეფორმები პირველ რიგში, განკუთვნილია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მოსწონთ თუ არა ჩვენს ოპონენტებს, სწორედ იმ წარმატებული რეფორმების რეალურად შეფასება მოხდა ევროკომისიის მიერ და დაგვირგვინდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ. ევროპელმა პარტნიორებმა აღიარეს ჩვენი წარმატებული რეფორმების დღის წესრიგი, რომელმაც მოიტანა კონკრეტული  ხელშესახები შედეგები. ჩვენი ხალხი არის ბრძენი, ხალხი უყურებს იმ კონკრეტულ შედეგს და ძალისხმევას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან სიღრმისეული ჩართულობით საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესრულების მიმართულებით. ეს არის პასუხი იმ უსაფუძვლო კრიტიკაზე, რომელიც ბოლო პერიოდში გვესმის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, ჩვენი ხალხის მანდატი, მხარდაჭერა, რათა შევასრულოთ მათი ნება და საქართველო კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროპულ ოჯახს. ეს არის გზა ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის შესაქმნელად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.