ილია დარჩიაშვილმა წარადგინა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიას გადაეგზავნა
ილია დარჩიაშვილმა წარადგინა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიას გადაეგზავნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიულოცა ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე საბოლოო მიზნისთვის.

ამასთან, დარჩიაშვილმა მედიას და საზოგადოებას გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიაში უკვე გადაგზავნილია.

„ამ ფორმატში პირველად მიწევს თქვენთან საუბარი მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მინდა, ყველას მოგილოცოთ. ეს ნამდვილად ისტორიული შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის, შედეგი, რომელიც ცალსახად უზრუნველყოფს ჩვენი მომავალი თაობისთვის ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელიც აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ძალისხმევის გაწევას, რადგან საქართველოს ხელისუფლება ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას, რომ საქართველო დაუახლოოს ევროპულ ოჯახს, ევროინტეგრაციის პროცესი იყოს შეუქცევადი. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ გზას და თქვენთან ერთად ვაუწყებთ ჩვენს მოქალაქეებს მომავალ წელსაც იმ პროგრესს, რომელსაც მივაღწევთ ამ გზაზე.

მინდა, მოკლედ გაგიზიაროთ სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ უკვე გავაგზავნეთ ევროკომისიაში. ეს არის გამოხმაურება იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მივიღეთ, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დადებით რეკომენდაციაზე, რომელიც მიეცა ევროპულ საბჭოს. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ტრადიციულად ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასთან, რათა შედეგზე ორიენტირებულად ვმართოთ ჩვენი მოლოდინები, მათიც და ჩვენიც, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, ეს რეფორმები იყოს შეუქცევადი და საქართველომ, ჩვენმა ხელისუფლებამ თანმიმდევრულად განახორციელოს ეს რეფორმები. მოკლედ ჩავიკითხავ აქტივობებს, რომლებიც ჩვენ გავწერეთ და გადავეცით ევროკომისიას. დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი ეს დოკუმენტი. დოკუმენტი შეიძლება, შეიცვალოს მომავალში, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად თარიღებთან მიმართებაშიც. დღევანდელი გადასახედიდან მოვახდინეთ ამ თარიღების იდენტიფიცირება და ვეცდებით, მაქსიმალურად თანმიმდევრულად, ამ დოკუმენტის მიხედვით განვახორციელოთ აქტივობები.

დოკუმენტის მიხედვით არის ორი სახელისუფლო შტო, რომელიც პასუხისმგებელია ამ აქტივობებზე. ესაა საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. შესაბამისად, თანმიმდევრულად გაწერილია ის პასუხისმგებელი სახელისუფლო შტო, რომელიც ამ მიმართულებით მოახდენს რეაგირებას.

პირველი არის ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა. ამ მიმართულებით, 11 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით უკვე დამტკიცდა 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია. სტრატეგიაში ცალსახად გაწერილია და თანმიმდევრულად არის გადმოცემული ის აქტივობები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს დეზინფორმაციის მიმართულებით.

მეორე კომპონენტი გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩასატარებელი აქტივობები. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ნატო-სა და ევროკავშირის ცენტრი, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს ყოველი წლის განმავლობაში იმ სიკეთეებისა და ფასეულობების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე, რომელიც მოაქვს ევროკავშირს. შესაბამისად, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც საქართველოს მოსახლეობასთან ცნობადობის ასამაღლებლად, რა სიკეთეები მოაქვს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. დამატებით დაფინანსებას გამოვუყოფთ ცენტრს მომავალი წლისთვის, პრაქტიკულად, გავაორმაგებთ ფიზიკურ კომუნიკაციას და ადამიანების რაოდენობას, როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში, ვისთანაც მანამდე გვქონდა კომუნიკაცია. ასევე, სამინისტროშიც გვექნება შიდასტრუქტურული ცვლილებები, რომლითაც უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი სამინისტროს სტრუქტურა იყოს უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას. როგორც წელს, ისე მომავალ წელს გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას.

შემდეგი რეკომენდაციაა ევროკავშირის ერთიან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება. ამ საკითხზე არაერთხელ გაგიზიარეთ ჩვენი შეხედულებები. ვმუშაობთ ევროკომისიასთან. პრაქტიკულად 50%-ს მიაღწია უკვე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, განცხადებებთან მიერთებამ. მომავალში გაგრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ გვექნება კიდევ უფრო უკეთესი შედეგი, ეს არის ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულება. საქართველო ზოგადად თანხვედრაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა არის სენსიტიური საკითხები, რომლებიც ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიზმიდან დანახული, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით შეიცავს რისკებს. შესაბამისად, ამ კონკრეტული მომენტებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში გვქონდა ჩვენი პოზიცია, რომელიც განსხვავდებოდა. თუმცა, დღეს უკვე, წლის ბოლოს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 50 პროცენტს გაუტოლდა საქართველოს მიერთებები იმ განცხადებებთან, რომლებსაც ავრცელებს ევროკავშირი. ჩვენ მომავალში ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული, კიდევ უფრო უკეთესი შედეგები.

შემდეგი რეკომენდაციაა შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე. ამ მიმართულებით აქტივობები გაგრძელდება, ეს არის პარლამენტის ნაწილი. პარლამენტი ამ მიმართულებით გადადგამს კიდევ კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი ხელისუფლება როგორც მანამდე, დღესაც და ხვალაც გააგრძელებს მაქსიმალურ ღიაობის პოლიტიკას, რათა ინკლუზიურობა უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, თუ ოპონენტთან, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებული ევროპული ინტეგრაციით, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა. ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ჩართვა იგეგმება ევროინტეგრაციასა და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში. ასევე იცით, რომ საქართველოს პარლამენტში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ ფორმატშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა და მმართველი გუნდის მცდელობა, რათა ინკლუზიურობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ გავაგრძელებთ ღიაობის პოლიტიკას, მათ შორის ამ მემორანდუმის ფარგლებში. რაც შეეხება თარიღებს, 2023/2024 წლებში იქნება კონკრეტული აქტივობები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ გამოხატა მზაობა, რომ ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს ოდირთან, რადგან ოდირი არის მთავარი ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს.

„ჩვენ ტრადიციულად, ძალიან თანმიმდევრულად გავაგრძელებთ მათთან მუშაობას. წლის დასაწყისში უზრუნველვყოფთ ოფიციალური შეტყობინების გაგზავნას ოდირში, რადგან ოქტომბერში ვგეგმავთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და გამოვხატავთ საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების მიღების მზაობას. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რაც შეიძლება ტრანსფარენტული, რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩაატაროს ქვეყანაში, ეს ჩვენი მთავარი ინტერესია. შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ჩვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან პროცესში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო კოდექსში გასატარებელი ცვლილებები, პარტიების, არჩევნების დაფინანსების საკითხებზე, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე პერიოდში უზრუნველყო შესაბამისი ცვლილებების გატარება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშივილმა ისაუბრა დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესების მიმართულებით. „იცით, რომ 27 ნოემბერს ჩვენ უკვე მივიღეთ ეს გეგმა, რომელიც არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან დეტალური, ფართო. ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ სწორედ ასეთი სიღრმისეული რეფორმა გავატაროთ ამ მიმართულებით. სწორედ ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობას, რათა დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მომავალში განვახორციელებთ, იყოს კონკრეტულად შედეგზე ორიენტირებული, თანმიმდევრული და სიღრმისეული. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გაგრძელდება ძალიან ფართო დისკუსია საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან ერთად“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.