პროექტ „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ ფარგლებში, ინეგოლში გადასახლებული ქართველები თბილისს ეწვევიან
პროექტ „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ ფარგლებში, ინეგოლში გადასახლებული ქართველები თბილისს ეწვევიან

პროექტის „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ ფარგლებში თურქეთში, ინეგოლში მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოდან გადასახლებული ქართველები საქართველოს ეწვევიან.

თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ინეგოლელმა ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ქართული ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. მათ რეპერტუარშია აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც.

პროექტის „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ განსაკუთრებული სტუმრები დილის 03:30 საათზე ჩამოფრინდებიან საქართველოში. აეროპორტში ინეგოლელ სტუმრებს პროექტის ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დახვდებიან.

ჩამოსული სტუმრებისთვის ფოლკლორული ფლეშმობი მოეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების წევრები მრავალჟამიერითა და ფოლკლორული ცეკვებით მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ თურქეთელი ქართველების ნაწილი საქართველოში პირველად ჩამოდის.

14 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით ინეგოლში მცხოვრები ქართველი სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიება თუ მიღება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და აჭარის სოფლებში, საიდანაც მათი წინაპრები თურქეთში, კერძოდ, ინეგოლში გადასახლდნენ.

პროექტი „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით ტარდება.

პროექტის ფარგლებში თურქეთელი ქართველები 15 აპრილს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში საზეიმო კონცერტი, ხოლო 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავენ კონცერტებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე 18-დან 80 წლამდე ინეგოლელი ქართველი, რომელთა ნაწილიც პირველად ჩამოდის საქართველოში. საღამოზე შესრულდება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. საღამოზე შედგება კონსერვატორიისა და ფონდის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარდგენილი. პროექტის მიზანია ქართულ საზოგადოებას გააცნოს ინეგოლში მცხოვრები ჩვენებურების მიერ სულ ცოტა 150 წლის განმავლობაში უცვლელად შემონახული უნიკალური კულტურა და ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის შემოქმედებით და კულტურულ ურთიერთობებს.