სალომე ზურაბიშვილი - ჩვენს თავში ჩავიხედოთ და დავინახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან ძლიერი და ბევრი რესურსი აქვს
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენს თავში ჩავიხედოთ და დავინახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან ძლიერი და ბევრი რესურსი აქვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრს ეწვია და კონცერტს დაესწრო. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც ქართული ფოლკლორის განვითარებაში წვლილი შეაქვთ. მან ასევე მიმართა ანზორ ერქომაიშვილს და მის ღვაწლზე ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფებოდი ამ კალანდაზე, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, რომ დავესწარი ამ მშვენიერ კონცერტს. ეს არის ნამდვილი საგანძური საქართველოსი. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, ძალიან ბევრი სირთულე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალა, ის თაობა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ეს თაობა არ იქნებოდა, რომ არა თქვენ, ბატონო ანზორ და თქვენნაირი ნიჭიერი ადამიანები. აღფრთოვანებული ვიყავი, როცა თბილისში დავესწარი ფოლკლორის ცენტრის სამი წლის ანგარიშს. არ მეგონა, რომ ასეთი დიდი საქმე კეთდებოდა. აქ კიდევ უფრო აღფრთოვანებული ვარ. აქ კეთდება კიდევ უფრო დიდი საქმე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან ძლიერია, ბევრი რესურსი აქვს და მოდის ძალიან დიდი მომავალი.

„ვცდილობ, ყველგან ჩავიდე, მიყვარს საქართველოში მოგზაურობა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან არის ეს შემართება. მე მგონია, რომ ჩვენ არა მხოლოდ არ გვემუქრება გადაშენება – ამაზე არც უნდა ვიფიქროთ, რადგან გვაქვს ძალიან დიდი ძალა. მთავარია, ეს ძალა ჩვენს თავში დავინახოთ. ჩვენ განწყობის ხალხი ვართ და ჩვენს განწყობაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. ჩვენ თუ ყველაფერს ვუყურებთ და ვიძახით „რა გვეშველება“, არაფერი არ გვეშველება, სამაგიეროდ თუ განწყობა იქნება დაყრდნობილი ასეთ რეალურ საქმეზე და იმ მომავალზე, რომელიც იქმნება დღეს, მართლაც გვექნება ყველანაირი რესურსი, ძალა, დავძლიოთ გამოწვევები.

ჩვენს თავში ჩავიხედოთ და დავინახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან ძლიერი და ძალიან ბევრი რესურსი აქვს, აქვს ძალიან დიდი წარსული და რაც მთავარია, მოდის ძალიან დიდი მომავლით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოზურგეთის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია და საკითხის ორგანიზება ფოლკლორის ცენტრის დირექტორს სთხოვა.

„ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მინდა, რომ დაგპატიჟოთ პრეზიდენტის სასახლეში. ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გააკეთებს ამის ორგანიზებას. მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ჩემი სასახლე, ეს არის თქვენი სასახლე, თქვენი პრეზიდენტის სასახლე, ვინც არ უნდა იყოს ხვალ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი. შეიძლება, რომელიმე თქვენგანიც იყოს მომავალი პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი