ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში 17 ივნისს კონცერტი გაიმართება
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში 17 ივნისს კონცერტი გაიმართება

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 17 ივნისს კონცერტი გაიმართება. კონცერტს წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ოზურგეთის, სამტრედიის, გორის, თელავისა და ქობულეთის – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 10 სალოტბარო სკოლა გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას 160 ბავშვი მიიღებს. სალოტბარო სკოლები რეგიონებში 2015 წლიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით დაარსდა, სადაც 800 ბავშვი 21 მუნიციპალიტეტში უფასოდ ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას ეუფლება.

როგორც ფოლკლორის ცენტრში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხარდაჭერით, დაგეგმილია კიდევ შვიდი სალოტბარო სკოლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაარსება.

კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში რიგით მეორე ფესტივალი „მრავალჟამიერ“ 14 ივნისს გაიხსნა, რომელშიც ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ. წელს ღონისძიებაში ჩართულია საქართველოს მასშტაბით 24 საბავშვო, საგუნდო კოლექტივი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში „მრავალჟამიერ“ პირველად მიიღებენ მონაწილეობას რეგიონებში მცხოვრები ბავშვები.