პრინცი მოჰამედ ბინ-სალმანი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე - ვიღებ ყველა პასუხისმგებლობას, რადგან ეს ჩემი სამსახურში ყოფნის დროს მოხდა
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ-სალმანი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. ამის შესახებ საუბარია „ფრონტლაინის“ დოკუმენტური ფილმების ციკლის ანონსში, რომელიც აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჟურნალისტ, მარტინ სმიტის ფილმი ეთერში პირველ ოქტომბერს გავა.
„მე ვიღებ ყველა პასუხისმგებლობას, რადგან ეს მოხდა ჩემი სამსახურში ყოფნის დროს“, – აცხადებს მოჰამედ ბინ-სალმანი.
სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ხაშოგის მკვლელობაზე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს საჯაროდ არ უსაუბრია. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა აცხადებს, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა სწორედ ბინ-სალმანმა შეუკვეთა.
დოკუმენტურ ფილმში მემკვიდრე პრინცი აცხადებს, რომ არ იცოდა ჟურნალისტთან დაკავშირებული ამბის შესახებ. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოხდა მსგავსი ფაქტი ისე, რომ ეს ბინ-სალმანმა არ იცოდა, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა უპასუხა, რომ ქვეყანაში 20 მილიონი ადამიანი და სამი მილიონი საჯარო მოხელეა, რომელთაც თავისი დღის წესრიგი, დავალება აქვთ და შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რას აკეთებს თითოეული მათგანი.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის მთავრობას პრესაში ხშირად აკრიტიკებდა, ბოლოს 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს. წინასწარი გამოძიების შედეგად, ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს და ისე გაიტანეს საკონსულოს შენობიდან. ცხედარი აღმოჩენილი დღემდე არ არის.