პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
პრეზიდენტის სასახლეში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ყველა მუდმივი წევრი, მათ შორის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ესწრებიან.
უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები არ გაკეთებულა, თუმცა ცნობილია სხდომაზე განსახილველი საკითხები: მზადება ნატო-ს ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.
სხდომაზე მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა პრეზიდენტის მოწვევით იმართება.
სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებების გაკეთებას პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გეგმავენ.