საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება და 37 000-ს შეადგენს
საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება და 37 000-ს შეადგენს

საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება და 37 000-ს შეადგენს, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.

შეხვედრაზე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს – საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი. საბჭოს სხდომაზე საკითხები თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წარადგინეს.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე განხილული იქნება შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, განათლებისა და რეზერვის სისტემის განვითარების მიმართულებით.

„ვიმსჯელეთ საკითხებზე, რაც უშიშროების საბჭოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. ეს იყო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის დადგენა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია, შეიარაღებული ძალების რაოდენობა რჩება უცვლელი – 37 000-ის ოდენობით. ასევე, განვიხილეთ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის განათლებისა და რეზერვის სისტემის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა ასევე წარადგინა შესყიდვების მხრივ გრძელვადიანი ხედვა. ვისაუბრეთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე და ეროვნული მედეგობის გაზრდის შესაძლებლობებზე“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

სავარაუდოდ, დღევანდელი უშიშროების საბჭოს სხდომა იქნება ბოლო, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით გაიმართა, ვინაიდან ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით უშიშროების საბჭო უქმდება, საომარი მოქმედებების შემთხვევაში კი, თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის საბჭო შეიკრიბება.

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ყველა მუდმივმოქმედი წევრი ესწრებოდა, გარდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა, რომელიც შვეიცარიაში ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

დატოვე კომენტარი