პრაღაში საბჭოთა ჯარის შესვლის 51 წლისთავი საპროტესტო მსვლელობით აღნიშნეს
პრაღაში ათასობით ადამიანმა საბჭოთა ჯარის ჩეხოსლოვაკიაში შესვლის 51 წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობა გამართა და მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტა.
დემონსტრაციის ორგანიზატორი მოძრაობა „მილიონი მომენტი დემოკრატიისთვის“ იყო, რომელიც 2018 წლის შემდეგ ჩეხეთში მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციებს აწყობს პრეზიდენტ მილოშ ზემანისა და პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერს კორუფციაში და პრორუსულ პოლიტიკაში სდებენ ბრალს, მილოშ ზემანს კი ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობებში ადანაშაულებენ.
1968 წლის 21 აგვისტოს ღამით, საბჭოთა კავშირის ჯარები, ვარშავის ხელშეკრულების რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალებთან ერთად, ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ. ამგვარად დასრულდა „პრაღის გაზაფხულის“ სახელით ცნობილი მოვლენები, რომლებიც ჩეხოსლოვაკიის ლიბერალიზაციისკენ იყო მიმართული. საბჭოთა ძალების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1989 წლის „ხავერდოვან რევოლუციამდე“ გაგრძელდა.