პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები პოლონეთში ამერიკული ჯარის კონტინგენტის გაზრდის შესახებ დეკლარაციას მოაწერენ ხელს
პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ნიუ იორკში, 23 სექტემბერს, ხელს მოაწერენ პოლონეთში ამერიკული ჯარის კონტინგენტის გაზრდის შესახებ დეკლარაციას.
ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტისთვის ხელი სექტემბრის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის დროს უნდა მოეწერათ, თუმცა, რადგან დონალდ ტრამპი პოლონეთში ვერ ჩავიდა, დეკლარაციის ხელმოწერა გადაიდო.
ივნისში, ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატებისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, როტაციის საფუძველზე, დამატებით 1 000 ამერიკელი სამხედრო ჩავა პოლონეთში. ამ დროისთვის პოლონეთში 4 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.