იენს სტოლტენბერგი - მსოფლიოს გერმანიის მეტი ლიდერობა სჭირდება
იენს სტოლტენბერგი - მსოფლიოს გერმანიის მეტი ლიდერობა სჭირდება

მსოფლიოს გერმანიის მეტი ლიდერობა სჭირდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო-ს სჭირდება გერმანიის ლიდერობა. ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ გერმანიამ უფრო მეტად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, რადგან ევროპის უდიდესი ეკონომიკაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გერმანული სააგენტო წერს, რომ ნატო-ს ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა, რომელიც გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპის განზრახვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეთ კრამპ-კარენბაუერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა გააკრიტიკეს. იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ოფიციალურ განცხადებამდე ესაუბრა და ევროპაში აშშ-ის ყოფნის შენარჩუნება ურჩია. ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას.

„მე ვაფასებ გერმანიას, როგორც ძალიან მძლავრ და მნიშვნელოვან მოკავშირეს. ახლა გერმანია თავდაცვაში მნიშვნელოვნად მეტ ინვესტიციას აკეთებს. გერმანიას ახლა თავდაცვის ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს ევროკავშირში, ხოლო მესამე ნატო-ში, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შემდეგ. გაურკვეველ დროში, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მრავალმხრივი ინსტიტუტები“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დატოვე კომენტარი