დონალდ ტრამპი ელოდება, რომ პოლონეთი უვიზო რეჟიმის პროგრამას უახლოეს კვირებში შეუერთდება
დონალდ ტრამპი ელოდება, რომ პოლონეთი უვიზო რეჟიმის პროგრამას უახლოეს კვირებში შეუერთდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელოდება, რომ პოლონეთი უვიზო რეჟიმის პროგრამას უახლოეს კვირებში შეუერთდება. როგორც თეთრი სახლი იტყობინება, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას ორმხრივი შეხვედრისას განუცხადა. მოლაპარაკებები ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა აცნობა პრეზიდენტ დუდას, რომ ელოდება პოლონეთის უვიზო რეჟიმის პროგრამაში შესვლის გამოცხადებას უახლოეს კვირებში“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავად დონალდ ტრამპმა ანჟეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლონეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი უკვე დამტკიცებულია.

„სავიზო რეჟიმის გაუქმება მზადდება. ის უკვე დამტკიცებულია. ახლა ჩვენ ამას მექანიკურად ვაკეთებთ, რათა გავაკეთოთ ეს რაც შეიძლება მალე, რომ პოლონეთში და აშშ-ში ჩასვლა ბევრად მარტივი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იქ ჩასვლა სურთ. ვფიქრობ, ამის გაკეთება პრეზიდენტისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მან ამის გაკეთება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რთული სამუშაო, მან ამის გაკეთება შეძლო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დონალდ ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთში ამერიკელი სამხედროების განთავსებას გეგმავს. ტრამპის თქმით, სამხედროებს იგი პოლონეთში ევროპის რომელიმე ქვეყნიდან გადაიყვანს.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, დააფინანსოს სამხედროებისთვის განკუთვნილი ობიექტების მშენებლობა.

გარდა ამისა, როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამია, აშშ-ის ლიდერმა პოლონელ კოლეგასთან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხი განიხილა. ორივე პრეზიდენტი თანხმდება, რომ აღნიშნული პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ანჟეი დუდამ და დონალდ ტრამპმა ამ პროექტისთვის წინააღმდეგობის გაწევის გზებზე ისაუბრეს.