ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ შესაძლო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება
ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ შესაძლო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება

ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ შესაძლო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება. „ბიბისის“ ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე გამოძიების შეჩერებასთან დაკავშირებით არსებული აპელაცია შეიცვალა.

საქმე ეხება 2003 წლის შემდეგ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების, მოძრაობა „თალიბანისა“ და ავღანეთის ხელისუფლების ქმედებების გამოძიებას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორი, ფატუ ბენსუდა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დაწყებას 2017 წლის შემდეგ ცდილობს. სწორედ ამ წელს გავრცელდა ინფორმაცია ავღანეთში ომის შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით.

2019 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება არ უნდა წარმართულიყო. ამის მიზეზად ორგანიზაციაში დაასახელეს ის ფაქტი, რომ გამოძიება სამართლიანობის ინტერესებს არ ემსახურებოდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის. შესაბამისად, აშშ-ის მოქალაქეებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაექვემდებარება. რაც შეეხება ავღანეთს, ის ორგანიზაციაშია გაერთიანებული, თუმცა ცენტრალური აზიის ქვეყნის ხელისუფლება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.