პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილი მოჭიდავეები გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ
პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილი მოჭიდავეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
დიღომში სამმართველოსთან შეკრებილებს შორის არიან თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დუშეთში შეკრება შეწყვიტეს და ამბობენ, რომ ვარჯიშის გაგრძელებას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. მოჭიდავეების თქმით, განხეთქილება შიდა ოჯახში უნდა მოგვარდეს.
„პირველ რიგში, სამწუხარო ფაქტი მოხდა, მოჭიდავე კაცმა მოჭიდავე ადამიანი ამ დონემდე მიიყვანა. აქ მოვედით, შევიკრიბეთ და მხარდაჭერას უცხადებთ ჩვენი ნაკრების მწვრთნელს. ვისაც ეს საქმე ეხება, ვთხოვთ, რომ გეგა გეგეშიძე დროულად იყოს გათავისუფლებული, რათა ეს სპორტსმენები დარბაზებს დაუბრუნდნენ და გააგრძელონ თავისი საქმე, ვარჯიში“, – განაცხადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია მიმდინარეობს.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გეგა გეგეშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.