პოლიციის სამმართველოსთან მოჭიდავეების აქცია იმართება
პოლიციის სამმართველოსთან მოჭიდავეების აქცია იმართება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამმართველოსთან უკვე მივიდნენ დუშეთის შეკრებიდან ჩამოსული ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები. გარდა ამისა, დიღომში იკრიბებიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც.

პოლიციის სამმართველოსთან დაგეგმილ აქციაზე ინფორმაცია ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გეგა გეგეშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.