გეგა გეგეშიძე - მიზანი ჭიდაობაში კიდევ უფრო უკეთესი შედეგების ჩვენებაა
გეგა გეგეშიძე - მიზანი ჭიდაობაში კიდევ უფრო უკეთესი შედეგების ჩვენებაა

გეგა გეგეშიძემ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევაზე კომენტარი გააკეთა.

„დიდი მადლობა დელეგატებს, რომლებმაც პრეზიდენტად მეორე ვადით ამირჩიეს. ძალიან კარგი ოთხწლიანი ციკლი ჩავატარეთ, ოთხი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს, ქალთა შეჯიბრებაში ევროპის პირველობაზე პრიზიორი გვყავდა, რაც აქამდე არ მოხდარა. ამას გარდა, ბიჭებმა თავი ბევრ საერთაშორისო შეჯიბრზე გამოიჩინეს. ჩვენი მიზანია, რომ შემდეგ ოთხ წელიწადში უფრო მეტად ვასახელოთ ქვეყანა და უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ. ეს ყველაფერი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომის შედეგია“, – ამბობს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციის პრეზიდენტი.

გეგა გეგეშიძის თქმით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას ფალავანთა კლუბი დაუბრუნეს: „დიდი ხნის მცდელობის შედეგად, ფალავანთა კლუბი ისევ გადმოგვეცა. ამის გამო დიდ მადლობას ვუხდი მთავრობას და პირადად გიორგი გახარიას, შალვა გოგოლაძეს, ლერი ხაბელოვს, ლერი დუგლაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელთა თანადგომითაც ეს შესაძლებელი გახდა. ახლა ვფიქრობთ, რომ შენობა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გავარემონტოთ. ასევე გვსურს, რომ სხვა სპორტული დარბაზებიც დავუბრუნოთ ჩვენს ფედერაციას, რადგან ბევრი გასხვისდა და ამის გამო ჭიდაობას არაერთი პრობლემა შეექმნა. ამის შედეგად რეგიონებში ბევრი საჭიდაო დარბაზი უნდა გაიხსნას, რაც ბევრ ტალანტს გამოაჩენს. ეს ყველაფერი კი მუნიციპალიტეტის ჩართულობით უნდა მოხდეს“.

გეგა გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განამვლობაში უხელმძღვანელებს. ფალავანთა კლუბში შეკრებილმა 22-ვე დელეგატმა ხმა მის კანდიდატურას დაუჭირა.