პლუტონს გადაღმა შეიძლება მარსის ზომის უცხო პლანეტები იმალებოდეს — #1tvმეცნიერება
მზის სისტემის გარე ნაწილი საოცრად უცნაურია. მზისგან იმდენად შორსაა, რომ ჩვენი ტელესკოპები ადვილად ვერ ხედავენ, რა ხდება იქ. არავის შეუძლია გამოიცნოს, რამდენად უცნაური ობიექტები შეიძლება იმალებოდეს პლანეტური დისკოს ასეთ შორეულ მისადგომებში.
ცნობილია, რომ ნეპტუნის ორბიტის გადაღმა, პატარა, ყინულოვანი ობიექტების ველი იშლება. მას კოიპერის სარტყელს უწოდებენ და სწორედ იქაა მოქცეული ჯუჯა პლანეტები — პლუტონი, ერისი, ჰაუმეა. მის მიღმა, კიდევ უფრო შორის, ჰიპოთეტური ოორტის ღრუბელია — პატარა კლდოვანი ნამსხვრევების სფერული ველი, რომელიც მზის სისტემას აკრავს გარსივით; მისი ზუსტი ზომა უცნობია.
მიჩნეულია, რომ სწორედ იქიდან მოდიან მზის სისტემის გრძელპერიოდიანი კომეტები; მაგრამ რა შეიძლება იმალებოდეს იქ? ერთი მომხიბვლელი შესაძლებლობაა პლანეტები — არა მხოლოდ ძველი პლანეტები, არამედ სხვა ვარსკვლავებისგან მოსულებიც.
პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ამირ სირაჯმა შეაფასა, რამდენი უცხო პლანეტა შეიძლება იყოს იქ, ჩვენს თვალსაწიერს მიღმა დამალული. მისი გათვლების მიხედვით, წმინდა მათემატიკურ დონეზე, იქ შეიძლება იყოს 1,2 პლანეტა მარსზე დიდი მასით; 2,7 პლანეტა მარსის მასით და 5,2 პლანეტა მერკურის მასით.
ეს ყველაფერი მხოლოდ გონივრული, მეცნიერებაზე დაფუძნებული ვარაუდია, მაგრამ ნამდვილად მომხიბვლელია იდეა, რომ იქ სხვა, შორეული ვარსკვლავიდან მოსული პლანეტა შეიძლება იმალებოდეს.
კითხვა პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც 2000 წელს, თავისუფლად მოფარფატე, ე. წ. მოხეტიალე პლანეტები აღმოაჩინეს. ეს გახლავთ პლანეტები, რომლებიც საკუთარ ვარსკვლავს მოწყდნენ და გალაქტიკაში უმისამართოდ დაქრიან. საკუთარი სისტემიდან პლანეტის ასე ამოგდებისათვის საჭიროა გრავიტაციული ურთიერთქმედებები, რაც საკმაოდ მარტივად შეიძლება მოხდეს და შედეგად, კოსმოსში მრავალი პლანეტა უნდა დახეტიალობდეს უმისამართოდ.
უცნობია, რამდენად გავრცელებულია ეს ფენომენი, მაგრამ მათ დაფიქსირებას სულ უფრო უკეთესად ვახერხებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეფასებათა რიცხვები უფრო ზუსტი ხდება.
კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ შესაძლოა, ეს პლანეტები სულ ასე არ დახეტიალობდნენ. თუკი ისინი რომელიმე ვარსკვლავთან ცოტა ახლოს ჩაივლიან, შეიძლება მის გრავიტაციულ ხაფანგში გაებან. პატარა მასშტაბის ასეთი შემთხვევები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი — ამის ნათელი მაგალითია იუპიტერი, რომელსაც მრავალი კოსმოსური კლდოვანი ნამსხვრევი ჰყავს ჩაჭერილი.
სირაჯს სურდა გაერკვია, აკეთებს თუ არა ასეთ რამეს მზეც. ამიტომ, კვლევა ირმის ნახტომში მოხეტიალე პლანეტების რაოდენობის შეფასებით დაიწყო. ასევე შეაფასა იმ ვარსკვლავთა პროცენტულობაც, რომლებსაც მეტი აქვთ მოხეტიალე პლანეტათა დაჭერის ალბათობა. ამ ინფორმაციის გამოყენებით გამოთვალა იმის ალბათობაც, რომ ასეთმა პლანეტებმა მზის სისტემას იმდენად ახლოს ჩაუარონ, რომ ისინი მზის გრავიტაციამ ჩაიჭიროს.
როგორც მისმა გათვლებმა აჩვენა, საკმაოდ დიდია შანსი, რომ მზის სისტემის გარე, ცივ, წყვდიადით მოცულ ნაწილში მერკურიზე დიდი და დედამიწაზე პატარა პლანეტა იმალებოდეს.
„პირდაპირ თეორიულ არგუმენტზე დაყრდნობით ვაჩვენეთ, რომ მზის სისტემის გარე ნაწილში შეიძლება არსებობდეს მზის მიერ ჩაჭერილი კლდოვანი პლანეტები“, — წერს სირაჯი.
მისი განცხადებით, შემდეგ კვლევებში ჩართული უნდა იყოს დიდი დეტალების მქონე სიმულაციური კვლევები. სიმულაციებს შეუძლია ნათელი მოჰფინოს ასე ჩაჭერილი პლანეტების გადანაწილებას.
მკვლევარი ამბობს იმასაც, რომ თუ ასეთი პლანეტის ადგილმდებარეობა ცაში ჩვენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, მის დაფიქსირებას ვერა რუბინის ობსერვატორიით შევძლებთ, რომელიც ამჟამად შენდება ჩილეში და 2025 წლიდან ამოქმედდება.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.