აღმოჩენილია 170 მოხეტიალე პლანეტა, რომლებიც გალაქტიკაში უმისამართოდ დაქრიან — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია 170 მოხეტიალე პლანეტა, რომლებიც გალაქტიკაში უმისამართოდ დაქრიან — #1tvმეცნიერება

ვარსკვლავთშორისი სივრცე სავსეა დაკარგული პლანეტებით. ისინი არც ერთ ვარსკვლავთან არ არიან მიბმული და წყვდიადში მოტივტივე გემებივით დაეხეტებიან.

ასეთი პლანეტების დაფიქსირება მოთმინებას და კარგ თვალს მოითხოვს. თუმცა, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ინსტრუმენტთა მიერ გადაღებულ ათასობით ფოტოზე დაფუძნებული ახალი მიდგომის წყალობით, გალაქტიკის ჩვენს კუთხეში 170 პოტენციური მოხეტიალე პლანეტა გამოვლინდა.

თუკი დადასტურდა, რომ მათი დიდი ნაწილი მართლაც პლანეტაა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ირმის ნახტომი გადაჭედილია მოხეტიალე პლანეტებით.

„ირმის ნახტომში შეიძლება მილიარდობით ასეთი თავისუფლად მონავარდე პლანეტა იყოს, რომლებიც არც ერთ ვარსკვლავთან არ არიან მიბმული“, — ამბობს საფრანგეთის ქალაქ ბორდოდ ასტროფიზიკური ლაბორატორიის ასტრონომი ერვე ბუი.

მოხეტიალე პლანეტები ზუსტად ისე წარმოიქმნება მორევივით მოტრიალე გაზისა და მტვრისგან, როგორც ტიპური ვარსკვლავური სისტემები, მაგრამ მატერიის ზოგიერთი ეს ღრუბელი შეიძლება ზედმეტად პატარა იყოს და სისტემის ვარსკვლავი ვერ წარმოქმნას.

ძნელია იმის დადგენა, რამდენი მათგანი წარმოიქმნება ვარსკვლავის გარეშე, ხოლო რამდენი შემდეგ გამოვარდება სისტემიდან. ამის გასარკვევად საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს.

პლანეტები ვარსკვლავის მსგავსად არ ანათებენ. ვარსკვლავური სისტემიდან გამოვარდნის შემდეგ, ისინი ორბიტაზე აღარ მოძრაობენ და მათი დაფიქსირება წარმოუდგენლად რთულდება.

პოტენციურ ეგზოპლანეტათა უმეტესობა არაპირდაპირი გზით არის შემჩნეული, როდესაც მათი მასიური სხეულები წამიერად ამრუდებენ უკანა ფონზე არსებულ ვარსკვლავის სინათლეს. ამ მეთოდით ერთი და იმავე პლანეტის მეორედ შემჩნევა შეუძლებელია.

საჭიროა მოხეტიალე პლანეტათა დიდი რაოდენობით დაფიქსირება, რათა მათი სათანადო ანალიზი მოხდეს.

ახალი კვლევის ავტორებმა ძალზედ გონივრულ მეთოდს მიმართეს — გამოიყენეს ის ფაქტი, რომ ახლად დაბადებული პლანეტები ნარჩენ სითბოს მილიონობით წლის განმავლობაში გამოყოფენ.

ESO-ს უმძლავრესი ტელესკოპების მიერ გადაღებულ ფოტოებში ამ სუსტი რადიაციის სკანირების გზით, მათ ღრიანკალისა და გველისმჭერის თანავარსკვლავედების ფარგლებში „თავისუფლად მონავარდე პლანეტების“ კანდიდატების უზარმაზარი სია შეადგინეს.

„ცის დიდ მონაკვეთში გავზომეთ ათობით მილიონი წყაროს ციცქნა მოძრაობები, ფერები და სიკაშკაშეები. შედეგად, ამ რეგიონში გამოვავლინეთ უმკრთალესი ობიექტები, მოხეტიალე პლანეტები“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბორდოს ასტროფიზიკური ლაბორატორიის ასტრონომი ნურია მირე-რუა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა მათგანი პლანეტა აღმოჩნდეს. 170 კანდიდატიდან, პლანეტა შეიძლება 70-მდე იყოს.

გრავიტაციული ლინზირების ეფექტი პლანეტის ზომის შესახებ აშკარა მინიშნებებს იძლევა, მაგრამ მხოლოდ სინათლის საფუძველზე მასის დადგენა ძნელია.

უფრო კაშკაშა მოხეტიალე შეიძლება დიდი პლანეტა იყოს ან იმის ნიშანი, რომ ის ახლად დაბადებულია.

მართალია, ამ მოუხელთებელ პლანეტათა შესახებ ჯერ ძალიან ბევრი კვლევაა ჩასატარებელი, მაგრამ ახალი მეთოდის წარმატება ფრიად იმედისმომცემია მათი წარმომავლობის უკეთესად დასადგენადაც.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.