ვენერა შეიძლება ღამის ცის ყველაზე კაშკაშა და მშვენიერი ობიექტია, მაგრამ ამან არ მოგატყუოთ.
ჩვენი მეზობელი პლანეტა ძლიერ არახელსაყრელია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის — წარმოადგენს ტოქსიკურ, მცხუნვარე პლანეტას, რომელზეც ადამიანი ფეხს ვერასოდეს დააბიჯებს.
სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის მხრივ ასეთი სხვაობების მიუხედავად, ვენერას დედამიწასთან რამდენიმე გასაოცარი მსგავსება აქვს. თითქმის ერთნაირია ორივე პლანეტის ზომა, მასა და სიმკვრივე, ძლიერ მსგავსია შემადგენლობაც. ამიტომ, ჩნდება კითხვა — იყო თუ არა ვენერა ოდესმე სიცოცხლისათვის ხელსაყრელი?
ახალი კვლევის მიხედვით, თუკი ვენერას ოდესმე ჰქონდა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო პირობები და მის ზედაპირზე იყო თხევადი წყალიც, ეს ძალიან დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო და თანაც მცირე ხნით, რის შემდეგაც, პლანეტა იმ მშრალ, ცხელ ადგილად გადაიქცა, როგორიც დღესაა.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის პლანეტურმა მეცნიერებმა, ალექსანდრა ვარენმა და ედუინ კიტმა ვენერას ატმოსფეროს მოდელირება ჩაატარეს, რათა განესაზღვრათ ჟანგბადის დაკარგვის მაჩვენებელი და მექანიზმები; ამან კი თავის მხრივ ცხადყო, რომ თუკი პლანეტას თხევადი წყალი ოდესმე ჰქონდა, ეს დაახლოებით სამი მილიარდი წლის წინ უნდა ყოფილიყო.
ამჟამად ვენერა უკიდურესად მშრალი პლანეტაა, უკიდურესად ცოტაა ჟანგბადით. მისი ატმოსფეროს 96 პროცენტს ნახშირორჟანგი შეადგენს, 3 პროცენტს აზოტი დანარჩენს კი სხვა აირები, მაგალითად, გოგირდის დიოქსიდი.
მისი ატმოსფერო უკიდურესად სქელია, აქვს დედამიწისაზე 90-ჯერ მეტი წნევა, ქრის ძლიერი ქარები და წვიმს გოგირდმჟავა.
ვინაიდან მისი ატმოსფერო ასე სქელია, არ შეუძლია გაქცევა. ვენერას ზედაპირის ყველაზე მაღალი ტემპერატურა აქვს მზის სისტემის პლანეტებს შორის, დაახლოებით 464 გრადუსი ცელსიუსი.
მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში, როდესაც მზე ასე ძლიერი არ იყო, ვენერა შეიძლება უფრო ზომიერი იყო, ზედაპირზე არსებობდა თხევადი წყლის ოკეანეები და ტბები.
პლანეტურ მეცნიერებს სურთ იცოდნენ, როგორ და რატომ მივიდა ვენერა იმ მდგომარეობამდე, როგორშიც დღესაა; ვინაიდან ვენერა ასე ჰგავს დედამიწას და ზოგიერთი კლიმატური მოდელი იმასაც მიუთითებს, რომ მას წყალი ჯერ კიდევ მილიარდი წლის წინაც უნდა ჰქონოდა — მის ისტორიაში ჩაღრმავებით შეიძლება დავადგინოთ, რატომ არ გაუყვა იმავე გზას ჩვენი პლანეტაც.
ვენერას ატმოსფეროში ჟანგბადის ნაკლებობა ცოტა არ იყოს, დამაბნეველია. თუკი პლანეტას თხევადი წყალი ოდესმე ჰქონდა, ვენერას გაცხელებასთან ერთად, ეს წყალი ატმოსფეროში უნდა აორთქლებულიყო და მზის სინათლით გამოწვეული ქიმიური რეაქციის (ფოტოდისოციაცია) შედეგად წყალბადად და ჟანგბადად დაშლილიყო.
წყალბადი კოსმოსში უნდა გაჟონილიყო, მაგრამ ჟანგბადი უნდა დარჩენილიყო.
ვარენს და კიტს სურდათ გაერკვიათ, სად წავიდა ჟანგბადი; ამისათვის მათ სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ვენერაზე დაფუძნებული მოდელი შექმნეს. ვენერას ზედაპირზე წყლის ოკეანეები შეიტანეს, დაამატეს ის მექანიზმები, რომლებსაც წვლილი უნდა შეეტანა ჟანგბადის დაკარგვაში; ამავე დროს, შეცვალეს ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა წყლის რაოდენობა და დროის ის მონაკვეთი, როცა ის იქ უნდა ყოფილიყო.
მოდელი მათ 94 080-ჯერ გაუშვეს. წარმატებულად თვლიდნენ, თუკი დიჟანგბადის, წყლისა და ნახშირჟანგის (CO) დონე თითოეული გაშვების ბოლოს ვენერას ატმოსფეროში ამ აირების დღევანდელ ზედა ზღვარში ჯდებოდა.
დასასრულს, მოდელის გაშვებების მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოჩნდა წარმატებული და მათ გარკვეულწილად საინტერესო ტენდენციაც აჩვენეს.
ერთი შესაძლებლობა ისაა, რომ ვენერას ჟანგბადი შეუერთდა ვულკანების მიერ გამოყოფილ ნახშირბადს და წარმოქმნა ნახშირორჟანგი, მაგრამ ეს საკმაოდ წარმოუდგენლად ჩანდა.
უფრო მეტად სავარაუდო ჩანდა, რომ ჟანგბადმა ან ატმოსფეროდან გაჟონა, ან პლანეტის ზედაპირზე დაილექა ჟანგვად მაგმაში, მაგალითად, ბაზალტში. ოკეანეები კი არაუგვიანეს სამი მილიარდი წლის წინ უნდა აორთქლებულიყო.
თუმცა, ვენერას წარსული ვულკანური აქტივობის მასშტაბი შეიძლება შეიზღუდოს იმ რადიოაქტიური არგონის რაოდენობით, რომელიც დღემდე წარმოდგენილია პლანეტის ატმოსფეროში. იმის განსაზღვრით, რამდენად აქტიური იყო ვენერას ვულკანიზმი წარსულში, მკვლევრებმა შეაფასეს, რამდენი წყალი უნდა ჰქონოდა პლანეტას.
მაინც რამდენი? არც ისე ბევრი, ვენერას ოკეანეების სიღრმე 300 მეტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ეს კი დედამიწის ოკეანის საშუალო სიღრმის (3688 მეტრი) ათი პროცენტიც არ არის.
ასე რომ, კვლევის შედეგები ვენერას ამჟამინდელ ატმოსფეროში ჟანგბადის ნაკლებობას აკავშირებს სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ადრეულ გარემოსთან, მაგრამ როგორც მკვლევრები აცხადებენ, ნაპრალი საკმაოდ ვიწროა.
ეს ნაპრალი კიდევ უფრო ვიწროვდება, როდესაც ვითვალისწინებთ არგონს. როდესაც მხედველობაში იღებდნენ ვენერას ამჟამინდელი ატმოსფეროს მთელ მასშტაბს, წარმატებული აღმოჩნდა მოდელის გაშვებათა 0,4 პროცენტზე ნაკლები.
მომავალი მისიები ვენერას ზედაპირის შემადგენლობის გაზომვას შეეცდებიან, რაც დაგვეხმარება, რომ გავარკვიოთ, წავიდა თუ არა პლანეტა მართლაც ასეთი მცირე შესაძლებლობის მიმართულებით.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.