პირველად ისტორიაში, ადამიანის მიერ შექმნილი ხომალდი მზესთან წარმოუდგენლად ახლოს მივიდა და მასთან კონტაქტი დაამყარა.
2021 წლის 28 აპრილს, NASA-ს პარკერის მზის ზონდი მზის ატმოსფეროს ზედა ნაწილში, გვირგვინში (კორონა) ჩაეშვა და მასში გაიფრინა. მაღალტექნოლოგიური სიცხისგან დამცავი ფარის წყალობით ის არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ადგილზე ჩაატარა გაზომვები და ჯერ არნახული მონაცემები მოგვაწოდა მზის სისტემის გულის შესახებ.
„პარკერის მზის ზონდის „მზესთან შეხება“ მონუმენტური მომენტი და ნამდვილად გამორჩეული მიღწევაა მზის მეცნიერებაში. ამ საეტაპო მიღწევამ მოგვაწოდა ღრმა მონაცემები ჩვენი მზის ევოლუციისა და მზის სისტემაზე გავლენის შესახებ; ყველაფერი, რასაც ჩვენი ვარსკვლავის შესახებ ვსწავლობთ, უფრო მეტს გვასწავლის სამყაროს დანარჩენ ვარსკვლავთა შესახებ“, — ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი თომას ზურბუკენი.
პარკერის მზის ზონდი 2018 წელს გაუშვეს და მისი მთავარი მიზანი მზის გვირგვინის, იგივე კორონას შესწავლაა. 7-წლიანი მისიის განმავლობაში, ის 26-ჯერ მივა მზესთან ზედმეტად ახლოს, ანუ პერიფელიონში, რისთვისაც ჯამში ვენერასგან გრავიტაციული დახმარების შვიდ მანევრს განახორციელებს, რათა სულ უფრო და უფრო ახლოს მივიდეს. აპრილში მან მერვე მისვლა განახორციელა, რომელიც პირველი იყო, როდესაც ის გვირგვინში ნამდვილად შევიდა.
მზის ატმოსფეროში ყოფნის ხუთი საათის განმავლობაში, პარკერმა გაზომა მზის მაგნიტური ველის რყევები და ნაწილაკთა ნიმუშებიც აიღო. აქამდე, ჩვენი შეფასებები ამ მახასიათებელთა შესახებ, მხოლოდ გარე ინფორმაციას ეფუძნებოდა.
„მზესთან ასე ახლოს ჩაფრენით, პარკერმა შეიგრძნო მზის ატმოსფეროს მაგნიტურად დომინირებული შრის, გვირგვინის გარემო პირობები, რაც აქამდე არასოდეს გაგვიკეთებია“, — ამბობს პროექტის მეცნიერი, ასტროფიზიკოსი ნურ რაუაფი.
მისი განცხადებით, მაგნიტური ველის მონაცემებში ჩანს გვირგვინში ყოფნის მტკიცებულებები, მზის ქარის მონაცემები და ვიზუალური გამოსახულებები. ჩანს ხომალდის ფრენა გვირგვინის სტრუქტურებში, რომლებზე დაკვირვებაც აქამდე მხოლოდ მზის სრული დაბნელებისას შეგვეძლო.
მზეს მყარი ზედაპირი არ აქვს. მისი საზღვარი განისაზღვრება ე.წ. ალფვენის კრიტიკული ზედაპირით, სადაც გრავიტაცია და მზის მაგნიტური ველი იმდენად სუსტია, რომ ვეღარ ინარჩუნებს მზის პლაზმას.
ამ წერტილს მაღლა ჩნდება მზის ქარი, რომელიც მძლავრად მოემართება მთელ მზის სისტემაში, იმდენად ჩქარა, რომ ქარში არსებული ტალღები მზეს სწყდება. ის, რასაც „მზის ზედაპირს“ ვუწოდებთ, შედგება პლაზმის მოძრავი კონვექციური უჯრედებისგან, რომელსაც ფოტოსფეროს ვუწოდებთ და ის გაცილებით დაბლა მდებარეობს.
პარკერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო უფრო მეტი დეტალის გარკვევა ალფვენის კრიტიკული ზედაპირის შესახებ; კერძოდ, სად არის ის და როგორ გამოიყურება მისი ტოპოგრაფია, რადგან არც ერთის შესახებ არაფერი ვიცით. მეცნიერთა შეფასებებით, ალფვენის კრიტიკული ზედაპირი მზის ცენტრიდან სადღაც 10-20 მზის რადიუსს შორის არის. პარკერი მზის გვირგვინში 19,7 მზის რადიუსზე შევიდა და 18,4 მზის რადიუსამდე სიღრმეში ჩავიდა.
საინტერესოა, რომ როგორც ჩანს, ზონდი გვირგვინის მაგნიტურ გარემოს სპორადულად, არარეგულარულად შეხვდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ალფვენის კრიტიკული ზედაპირი დანაოჭებულია. ქვედა სიღრმეებზე პარკერი შეხვდა მაგნიტურ სტრუქტურას, რომელსაც ფსევდონაკადს უწოდებენ და რომელიც მზიდან რკალივით ამოწეული ჩანს მზის სრული დაბნელებისას. პარკერის მონაცემები მიუთითებს, რომ ალფვენის კრიტიკული ზედაპირის დეფორმაციას ეს სტრუქტურები ახდენს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რატომ.
ფსევდონაკადში გარემო პირობები უფრო მშვიდი აღმოჩნდა, ვიდრე მზის მიმდებარე ატმოსფეროში. ნაწილაკები ხომალდს ისე ქაოსურად აღარ ურტყამდა, მაგნიტური ველი კი გაცილებით მოწესრიგებული იყო.
პარკერმა ასევე შეისწავლა ფენომენი, რომელსაც მზის „ამერიკულ მთებს“ უწოდებენ. ეს გახლავთ Z-ს ფორმის მარყუჟები მზის ქარის მაგნიტურ ველში, რომელთა წარმოქმნის ადგილი და პროცესი ამჟამად არ ვიცით. ამერიკული მთების შესახებ 1990-იანი წლებიდან არის ცნობილი, მაგრამ მხოლოდ 2019 წელს, პარკერის კვლევის შედეგად გავიგეთ, რომ ისინი საკმაოდ გავრცელებულია. მეექვსე გადაფრენისას, ზონდის მონაცემებმა აჩვენა, რომ ამერიკული მთები ლაქებისგან წარმოიქმნება.
ამჯერად, პარკერმა ისინი მზის ატმოსფეროს შიგნით დააფიქსირა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ამერიკული მთების“ სულ მცირე გარკვეული ნაწილი ქვედა გვირგვინიდან მოდის.
„ამერიკული მთების მქონე რეგიონების სტრუქტურა ემთხვევა კორონას ძირში არსებულ ძაბრისებრ მაგნიტურ სტრუქტურას. ზოგიერთი თეორია ამაზე უკვე მიგვანიშნებდა, ახლა კი მიგვანიშნებს, რომ სწორედ ის უნდა იყოს თავად მზის ქარის წყარო“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი სტიუარტ ბეილი.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ წარმოიქმნება ეს საკვირველი სტრუქტურები, მაგრამ წინ გველის პარკერის კიდევ მრავალი გადაფრენა; რამდენიმე გადაფრენისას, ხომალდი მზის ცენტრთან 9,86 მზის რადიუსის სიახლოვეზეც კი მივა და ალბათ, სწორედ მაშინ მივიღებთ გარკვეულ პასუხებს.
„მზეს და მის გვირგვინს უკვე ათწლეულებია ვაკვირდებით და ვიცით, რომ იქ მიმდინარე რაღაც საინტერესო ფიზიკური პროცესები მზის ქარის პლაზმას აცხელებს და აჩქარებს. თუმცა, ამ პროცესების შესახებ ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით“, — აღნიშნავს რაუაფი.
მკვლევარს იმედი აქვს, რომ ახლა, როდესაც პარკერის მზის ზონდი უკვე უშუალოდ გვირგვინში დაფრინავს, ამ იდუმალი რეგიონის შესახებ დიდხანს ნანატრ ცნობებს მოგვაწვდის.
კვლევა Physical Review Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.