მზის დაბნელება #კოსმოსი

მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის გაივლის. ამ დროს, მთვარე მზის სინათლეს თანდათან ბლოკავს. თუ მზე და მთვარე ცაში ზუსტად ერთ ხაზზე განლაგდა, ხდება მზის სრული დაბნელება. ამ დროს, დღისით ცა ბნელდება და ღამის მსგავსად წყვდიადი ისადგურებს, მოჩანს ვარსკვლავებიც კი.

მზის სრული დაბნელება იშვიათი სანახაობაა და ადამიანთა უმეტესობა მისი მომსწრე ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება.

მზის დაბნელება ძალიან იღბლიანი შემთხვევითობის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ მთვარე მზეზე 400-ჯერ პატარაა, ის დედამიწასთან 400-ჯერ უფრო ახლოს არის, ვიდრე მზე. სწორედ ამიტომ ჩანს ჩვენს ცაზე მზე და მთვარე თითქმის ერთნაირი ზომის.

გამომდინარე აქედან, როდესაც მთვარე ზუსტად მზის წინ ექცევა, მთელ მის სინათლეს ბლოკავს. მზის ადგილას უბრალოდ შავ წრეს ვხედავთ, რომელსაც გარს აკრავს თეთრი ცეცხლოვანი სარტყელი. ეს მზის ატმოსფეროა, სახელად გვირგვინი, იგივე კორონა.

წარმოიდგინეთ, რომ მზის სინათლეს ხელით იჩრდილავთ. მზე თქვენს ხელზე გაცილებით დიდია, მაგრამ ხელი თქვენთან მასზე გაცილებით ახლოსაა და შესაბამისად, მთელ მის სინათლესაც ადვილად ბლოკავთ.

გახსოვდეთ, რომ დაუშვებელია მზის დაბნელების ყურება შეუიარაღებელი თვალით. ამისათვის საჭიროა სპეციალური სათვალე ან ბინოკლი.