„ოქროს გლობუსის“, „ბაფტასა“ და სხვა პრესტიჟული ჯილდოების შემდეგ, „პიქსარის“ ახალი ანიმაცია „სული“ „ოსკარის“ მფლობელიც გახდა.
ანიმაციის სიუჟეტური ხაზი მთლიანად ადამიანის იდენტობის ირგვლივაა აგებული. ისტორიის მთავარი გმირი სკოლის მასწავლებელი ჯო გარდნერია, რომლის ოცნება ჯაზის ვარსკვლავად ქცევაა, თუმცა მისი ცხოვრება მოულოდნელი შემთხვევის გამო მთლიანად იცვლება.
„სული“ „პიქსარის“ პირველი ნამუშევარია, რომლის მთავარი გმირიც აფროამერიკელია. ანიმაციის რეჟისორი პიტ დოქტერია, რომელსაც მანამდე ისეთი ცნობილი ანიმაციები შეუქმნია, როგორებიცაა „აფ“ და „ინსაიდ აუთ“. ორივე ნამუშევარი სხვადასხვა დროს „ოსკარის“ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ანიმაციად დასახელდა.
„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრი მასპინძლობს. პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ ესწრებიან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება აქვთ ნომინანტებს. დაცულია დისტანცია, ყველა დამსწრეს კი წინსწრებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება.