პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პრესცენტრი (MPC) გაიხსნა.
პრესცენტრი ალპენსიას კურორტზე განთავსდა და განკუთვნილია ოლიმპიადაზე აკრედიტებული 2 900-ზე მეტი ჟურნალისტისთვის. MPC თავდაპირველად იმუშავებს 08:00 საათიდან 23:00 საათამდე, 30 იანვრიდან 26 თებერვლის ჩათვლით კი 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი იქნება.
კომპლექსი სამი შენობისგან შედგება, აქედან ორი Alpensia Convention Hall და Alpensia Concert Hall შესაბამისად დაიტევს MPC 1 და MPC 2-ს. ამათგან პირველი სამსართულიანი შენობაა, სადაც ჟურნალისტები და ფოტოგრაფები განთავსდებიან.
აქვეა სამი საპრესკონფერენციო დარბაზი, საინფორმაციო კუთხე, ახალი ამბების კუთხე, ფოტოსამსახურის ცენტრი, დასასვენებელი კუთხე და კვების ბლოკი.
უმთავრესი საპრესკონფერენციო დარბაზი, რომელიც 500-ზე მეტ ადამიანს იტევს, განთავსებულია MPC 2-ში.
მესამე – MPC 3-ში, რომელიც მარტივი კონსტრუქციებით არის აგებული და დროებითი დანიშნულება აქვს, განთავსებული იქნება 33 მედიაოთახი და ცხრა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ოფისი.
აქვე იქნება სოკ-ის მედია სამსახური, სოკ-ის ბილეთების კუთხე, ბუკლეტებისა თუ ბროშურების დაფა, კაფეტერია.