პერუში ხელახლა აღმოაჩინეს უძველესი ფრესკა, რომლის შესახებაც აღარავის ახსოვდა — #1tvმეცნიერება
ჩრდილოეთ პერუში, არქეოლოგებმა ხელახლა აღმოაჩინეს ესპანელებამდელი ფრესკა, რომელიც მითოლოგიურ სცენებს ასახავს. ამ ფრესკის არსებობის შესახებ აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ საუკუნის წინანდელი შავ-თეთრი ფოტოებით.
„განსაკუთრებული აღმოჩენაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ კოლუმბამდელ არქეოლოგიაში იშვიათია ასეთი ხარისხის კედლის მხატვრობის აღმოჩენა“, — ამბობს გათხრების ხელმძღვანელი, შვეიცარიელი არქეოლოგი სემ გავამი.
გავამიმ კედლის მხატვრობის ძებნაში ოთხი წელი გაატარა; მისი აზრით, ნახატი დაახლოებით 1000 წლის წინანდელია.
„ამ ნახატის კომპოზიცია უნიკალურია მთელს ესპანელებამდელი პერუს კედლის მხატვრობის ისტორიაში“, — აღნიშნავს გავამი.
ფრესკაზე გამოსახულია უაკა-პინტადას ტაძრის ნაწილი, რომელიც მოჩეს ცივილიზაციას ეკუთვნოდა; ეს კულტურა I-VIII საუკუნეებში ყვაოდა და თაყვანს სცემდნენ მთვარეს, წვიმას, იგუანებსა და ობობებს.
აღმოჩენილი კედლის მხატვრობა სიგრძეში 30 მეტრია; გამოსახულებები ცისფრად, ყავისფრად, წითლად და თეთრად არის შესრულებული. განსაკუთრებით კარგად არის შემონახული ყვითელი საღებავი.
ერთ სექციაში მოჩანს მეომრების მსვლელობა, რომლებიც ფრინველის მსგავსი ღვთაებისკენ მიემართებიან.
გავამის განცხადებით, გამოსახულებები შთაგონებული უნდა იყოს წმინდა იერარქიის იდეით, რომელიც ეფუძნება წინაპრების კულტსა და მათი ახლო კავშირებს ბუნების ძალებთან.
მისივე განცხადებით, სჯერა, რომ გამოსახულებები შეიძლება გაიშიფროს, როგორც რეგიონის უძველესი მცხოვრებლების პოლიტიკური და რელიგიური წყობის მეტაფორული სურათი.
აღმოჩენა იმითაც არის უჩვეულო, რომ გვიჩვენებს ინკებამდე არსებული ორი კულტურის სტილისა და ელემენტების ნაზავს: მოჩეს და ლამბაიაკეს კულტურების, რომლებიც თანამედროვე პერუს ჩრდილოეთ ნაწილში ახ. წ. 900-1350 წლებს შორის ცხოვრობდნენ.
მეცნიერთა მიერ დავიწყებული
კედლის ნახატის არსებობის შესახებ ცნობილი იყო მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოებიდან, რომლებიც 1916 წელს გერმანელმა ეთნოლოგმა ჰანს ჰაინრიხ ბრუნინგმა გადაიღო; ის პერუში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
თუმცა, ძეგლის გაძარცვის მცდელობისას, განძის მაძიებლებმა კედელი დაანგრიეს და სამეცნიერო საზოგადოებამ ის სრულიად მიივიწყა.
ამას გარდა, ბრუნინგის მიერ გადაღებული ფოტოების შესახებ 1978 წლამდე არც არავინ იცოდა.
„1978 წელს არქეოლოგებმა უაკა-პინტადას შესახებ შეიტყვეს, მაგრამ ძეგლის გასათხრელად არავინ მისულა, რადგან ფიქრობდნენ, რომ იქ ვეღარაფერს იპოვიდნენ“, — ამბობს გავამი.
წლებთან ერთად, ადგილს მცენარეულობის სქელი საფარი მოედო. ფრესკამ გავამის დაინტერესება მაშინ გამოიწვია, როცა ის სადოქტორო თეზისზე მუშაობდა, რომელიც მოჩესა და ლამბაიეკეს ცივილიზაციებს შორის კულტურულ გადასვლას ეხებოდა.
თუმცა, მას ხანგრძლივი ბრძოლა მოუწია ნებართვის მისაღებად იმ ოჯახისგან, რომლის კუთვნილ მიწაზეც მდებარეობდა კედლის მხატვრობის ნიმუში.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.