პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სიები შარშან 11 სუბიექტს გადაეცა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სიები შარშან 11 სუბიექტს გადაეცა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შემთხვევები შეისწავლა, კერძოდ კი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს უბნებთან ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სიები ჰქონდათ. მაშინ გამოითქვა ეჭვი, რომ საქმე  ე.წ. სამაგიდო სიებს ეხებოდა, რომლებიც უკანონოდ იყო მოპოვებული.

ინსპექტორის აპარატმა საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით გაარკვია, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოსურათებიანი ვერსია საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით 2018 წლის განმავლობაში 11 სუბიექტს, მათ შორის, ექვს პოლიტიკურ გაერთიანებას და ხუთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას გადაეცა.

ინსპექტორის აპარატის მონაცემებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ არ ადგენს სიის გამოყენების წესებსა და აკრძალვებს.

„აუცილებელია, აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს ნორმატიულ დონეზე, მათ შორის, განისაზღვროს არჩევნებამდე პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს მონაცემების დამუშავების კანონიერი მიზნები და ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიმღებთა მხრიდან პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების ვალდებულებები“, – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს.